ნოდია: პრობლემა, ზოგადად, სიღარიბე, კონკრეტულად კი ფულის მართვის კულტურის ნაკლებობაა

ვერაფერს ვიტყვი გამოსახლების კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე მოხდა. ზოგადი დამოკიდებულებაა მთავარი. ყოველთვის სამწუხაროა, როცა საქმე აქამდე მიდის. მაგრამ იქ, სადაც არსებობს ფულის გასესხება ქონების გარანტიით, ყოველთვის იარსებებს შანსი, რომ ვიღაცა ვალს ვერ გადაიხდის და ქონებას დაკარგავს. ეს როგორ უნდა გამოირიცხოს, არ მესმის (გარდა ამისა, რომ საბანკო სისტემა გაუქმდეს).
„ბანკი“ ქვია გამსესხებელს თუ „მევახშე“, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს: ვისაც ბანკი არ უყვარს, „მევახშეს“ დაუძახებს. პროცენტი მაღალია თუ დაბალი, ესეც კერძო დეტალია: პროცენტს მოცემული ქვეყნის ბაზრის კონიუნქტურა განსაზღვრავს. როცა სესხი ფორმდებოდა, ორივე მხარემ იცოდა პროცენტის ოდენობა და ისიც, რა ქონება იყო ჩადებული.
რაც შეეხება მეტი რეგულაციების შემოღებას, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერ გადამხდელს გაურთულდება სესხის აღება – ამით ეს მოქალაქეც იზარალებს, ბანკიც და ზოგადად ეკონომიკაც. საბოლოო ჯამში, პროცენტიც მოიმატებს.
შეხსენებისთვის, „ოცნების“ ხელისუფლება „მევახშეებთან ბრძოლის“ დროშით მოვიდა (იუსტიციის მინისტრი წულუკიანი ედგა სათავეში) და საბანკო რეგულაციებიც გაამკაცრა. ახლა კი პოლიციამ ის ადამიანი მაინც გაასახლა.
რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან? რეალური პრობლემაა, ზოგადად, სიღარიბე, კონკრეტულად კი – უპასუხისმგებლობა სესხების აღებისას და ზოგადად, ფულის მართვის კულტურის ნაკლებობა, რაც სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზია. (ფულის თვლა, ზოგადად, გვეჩოთირება, არ არის ქართველების საკადრისი საქმე). პოპულიზმი (ყველა ქვეყნის და ეპოქის პოპულისტებს ბანკები ეჯავრებოდათ) არც ერთს არ შველის – მხოლოდ აფუჭებს საქმეს.
წერს პოლიტოლოგი, გია ნოდია Facebook-ზე. დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გასახლების პროცესში 20 პირი დააკავეს. კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.