ყაზბეგში მდებარე სასტუმროს „სტეპ ინნ“-ის თანადამფუძნებლის, ანა ალიბეგაშვილის განცხადებით, ყაზბეგში სასტუმროებს ბევრი პრობლემა აქვთ, რის გამოც სასტუმროები იხურება.
როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობაა და სასტუმროებს ხელფასების და კომუნალური ხარჯების დაფარვა უჭირთ.
„ზამთრის დადგომასთან ერთად, რეგიონში რიგი პრობლემები დაიწყო. კერძოდ, ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობაა, რაც ყველაზე მკაფიოდ ყაზბეგში შეინიშნება. თავდაპირველად, როდესაც ოპერირება დავიწყეთ, პირველი სამი თვე ძალიან დატვირთულები ვიყავით, მაგრამ ახლა, ზამთრის მიმართ ჩვენი მოლოდინები და რეალობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. ზოგადად მთაში რთულია ბიზნესის წარმოება და ამ პრობლემების საშუალო პერიოდში მოგვარებაც ძალიან რთულია. ყაზბეგში ძალიან ცოტა სასტუმრო ვართ, რომლებიც სწორად არიან აღჭურვილი, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.მართალია სასტუმროთი ბოლო 6 თვეა ვპოზიციონირებთ, მაგრამ ამ დრომდე კოტეჯები გვქონდა. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, ყაზბეგს ასეთი ცოტა ტურისტი არ ჰყოლია”, – განაცხადა მან.
აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად ანა ალიბეგაშვილი გარე ფაქტორებს ასახელებს.
“ისრაელიდან ნაკადები შეგვიმცირდა და ისრაელში არსებულმა ვითარებამ, გალფის ქვეყნებიდანაც ნაკადები შეასუსტა. ასევე ტურისტულ ნაკადებზე უკრაინის ომმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. უნდა აღინიშნოს, რომ ზამთრის სეზონზე, ყაზბეგს ტაილანდელი სტუმრებიც აქტიურად სტუმრობდნენ, რომლებისთვისაც თოვლი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. თუმცა წელს ეს სეგმენტიც აღარ ჩანს,“-აცხადებს ალიბეგაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ყაზბეგი ძალიან პატარა რეგიონია, შესაბამისად კადრის ადგილზე დასაქმება რთულია, რადგან მოსახლეობას ტურისტული ობიექტები თავადვე აქვს. აქედან გამომდინარე, იგი ამბობს, რომ სასტუმროები იძულებული ხდებიან კადრები სხვა სოფლიდან ან ქალაქიდან ჩამოიყვანონ, რაც დამატებით ხარჯის გაწევის საჭიროებას იწვევს.
როგორც სასტუმროს თანადამფუძნებელი აღნიშნავს, კურორტზე ფასები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათი ძირითადი სტუმრები ქართველები არიან, რომლებსაც გრძელვადიან პერიოდში დიდი თანხის გადახდა არ შეუძლიათ, რაც ქვეყანაში არსებულ ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება.
გარდა ამისა, ალიბეგაშვილის ცნობით, რეგიონისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას კლიმატი წარმოადგენს. კობი-გუდაურზე არსებული თოვლის გამო, გზები რამდენიმე დღით იკეტება, რაც როგორც დამსვენებელს, ასევე თავად ბიზნესებსაც ხელს უშლის ფუნქციონირებაში.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. ამ ეტაპზე, მხოლოდ გეგმაა შემუშავებული და ბაზრის მოკვლევა მიმდინარეობს. მის განსახორციელებლად კი, დააახლოებით 2 მლნ ევრომდე ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ინფორმაციისთვის, სასტუმრო „სტეპ ინნ“ ყაზბეგში 2023 წლის ივლისში გაიხსნა და 19 ნომერს, რესტორანს, საკონფერენციო დარბაზსა და მცირე ზომის სპას აერთიანებს. ნომერში ერთი ღამით განთავსების ღირებულება, დღეის მონაცემებით 170 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე მერყეობს. სასტუმროს სრულად მოწყობისთვის, ჯამში 2 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა.