“მომღერალ სოფო ბედიას ნამღერ “პრისიონერას” გამო ატეხილ ამბავზე კომენტარი მთხოვეს და უცვლელად აქ გთავაზობთ.
არ ვიცი, რატომ მკითხეს, ალბათ, იმიტომ, რომ პროფესიით მუსიკოსი ვარ, ან იმიტომ, რომ ესეც პოლიტიკის ნაწილია:
“დავიწყოთ ასე და გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო შოუ (როგორც მითხრეს), რომელშიც სატელევიზიო სერიალებიდან (ე.წ საპნის ოპერებიდან) სიმღერებს ასრულებდნენ მომღერლები.
რამდენად მხიბლავს ამ ტიპის შოუები და ეს ჟანრი საერთოდ, ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, არ მხიბლავს – ეს სხვა თემაა. ისიც მესმის, რომ ადამიანებს სასტიკად აღიზიანებთ სოფო ბედიას საშინლად, ამაზრზენად, აღვირახსნილად, უზრდელურად მოსაუბრე მეუღლე, რომელიც თავს ბევრის უფლებას აძლევს და არ ფიქრობს, რომ ასე მდაბიოდ მოქცევა, მუქარა, დაქადნება (ხელისუფლების იმედად, ცხადია, თორემ ამდენის უფლებას ვინ მისცემდა?!) და საუბარი არ შეიძლება.
მე, რაც ვნახე და შემხვდა სოციალურ ქსელში, ამ კაცის ვიდეო, ძალზე გამაღიზიანებელია და სრულიად კანონიდან გასულია “ტიპი”, რაც ძალზე სამწუხაროა, რომ მის გარშემო ეს მოსწონთ. ამიტომ არის ხალხის რეაქცია ასეთი, რაც ყოველთვის ჯაჭვივით არის, ანუ ზიზღი არის ბუმერანგივით და ეს ცუდია და არ მომწონს, მაგრამ ასეა (ეს ყველას ეხება, სრულიად ყველას).
თუმცა… ახლა თავად სოფო ბედიას, როგორც მომღერლის შესახებ:
აქვე დავძენ ობიექტურად, რომ გათვალისწინებით ამ სატელევიზიო პროექტის დანიშნულებისა, თავად სოფო ბედიას აქვს ვოკალის ძალიან კარგი შესაძლებლობები, ძლიერი ტემბრი, კარგად ფლობს ვოკალს, პროფესიონალია და ამ სიმღერასაც ასრულებს, როგორც პროფესიონალი – ეს ფაქტია.
დანარჩენი რა მოგახსენოთ, ზოგიერთ ნიჭიერად გაკეთებულ “შარჟზე” გულიანად ვიცინე ბევრი და ვიხალისე, განსაკუთრებით შხაპის ქვეშ ნამღერ შარჟებზე, მართლა ვიცინე… მაგრამ ვისურვებდი, რომ საზღვარი არსებობდეს და იცოდნენ ადამიანებმა, სად გადის ზღვარი უკიდეგანო ლანძღვასა და იუმორს-ღიმილს შორის.
“ზოგიერთის” გასაგონად ვიტყვი, რომ გოიმობას ნუ ჩამოვყვებით, რადგან ყველგან მოიძებნება მრავლად, ასეთი უკიდეგანო ბულინგი, ფიზიკურ სხეულზე მითითება, ლანძღვა უშვერი სიტყვებით მომღერლისა, რომელიც საკმაოდ ბევრს ჯობია პროფესიონალიზმით არც თუ “არაგოიმურ” ქართულ ესტრადაზე, ესეც ძალზე დიდი პროვინციალიზმია.
ნუ ჩავეფლობით ზიზღის მორევში. ერთმანეთის “დასამარხი” აღარ დაგვრჩება ადამიანებო”. ხომ იცით, მეგობრებო, ყოველთვის, რასაც ვფიქრობ, იმას ვწერ… გილოცავთ შობა-ახალ წელს, ადამიანებო! ეს არის ჩემი კომენტარი.
P.S ეს სტატუსი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც სტატუსიდან აზრის გამოტანა შეუძლია, ანუ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა”, – წერს საკუთარ გვერდზე ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
თაკო ჩარკვიანის ეს ვრცელი კომენტარი სოფო ბედიას მიერ ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სერიალის “გრძნობათა ტყვეობაში” საუნდტრეკის Prisionera შესრულებას მოჰყვა. სოციალურ ქსელში ამ სანახაობრივი პერფორმანსის შესახებ არაერთი კომენტარი დაიწერა – ზოგმა მოიწონა, ზოგმა ხუმრობად მიიღო, კომპლიმენტებთან ერთად კი არაერთ შეურაცხმყოფელ რეპლიკასაც შეხვდებით. მიუხედავად ამისა, სოფო ბედიას შესრულება საკუთარ გვერდზე პრისონერას“ მთავარი როლის შემსრულებელმა, ლეგენდარულმა გაბრიელა სპანიკიმაც გააზიარა.
“დიდი მადლობა, მეგობრებო, ყველას სათითაოდ მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა. მესამე დღეა, მიხარია ასეთი გამოხმაურება, თუ სოციალურ ქსელში, თუ პირად ზარებში. გავიხსენეთ ძველი დრო, ყველა მონაწილეს ჩემგან დიდი პატივისცემა და სიყვარული”, – დაწერა თავად სოფო ბედიამ.



