თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში “შახტარმა” ერევნის “პიუნიკი” 2:0 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში შესვენებამდე ითამაშეს ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა, სინჯებზე მყოფი თბილისის “დინამოს” 19 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე კი 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი “მეშახტეთა” მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა გააკეთა: “უპირველეს ყოვლისა, ყველა ფეხბურთელს სათამაშო დრო სჭირდება. ყველას 90 წუთი ვერ ვათამაშებთ, ამიტომ 45-45 წუთი დავუთმეთ. აგრეთვე თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდებს მივეცი: ცუკანოვს, ოჩერეტკოს, ასევე ახალგაზრდა ბიჭს საქართველოდან, ლუკას, რომელიც ამ მომენტში ჩვენთან სინჯებზეა. მინდოდა ისინი საქმეში
მენახა. მთელი კვირის განმავლობაში მათ საკმაოდ სერიოზული დატვირთვა ჰქონდათ. თუ გახსოვთ, ამ სპარინგამდე 10 ვარჯიში ჩავატარეთ, რაც ბევრია. ამას იმისათვის ვაკეთებთ, რათა მორალურად და ფიზიკურად ძლიერები გავხდეთ. ესაა ამოცანა. ახალგაზრდების გარჯით კმაყოფილი ვარ”.