„დავები ჯერ სასამართლოშია და წინ არის მათი აღსრულების დრო და გამოსახლებები“ – იურისტი იძულებით გამოსახლებაზე

„დავები ამ დროისათვის ძირითადად ჯერ სასამართლოებშია და წინ არის მათი აღსრულების დრო და გამოსახლებები“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში კეკელიძის ქუჩაზე იძულებით გამოსახლების ფაქტს იურისტი მარიკა არევაძე.
მის პოსტს სრულად გთავაზობთ:
„ბოლო პერიოდში (წლებს ვგულისხმობ) გახშირებულია სესხის/იპოთეკის ხელშეკრულებების ნაცვლად ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების გაფორმება.
ამ დროს რეალურად მსესხებელს ჰგონია, რომ აფორმებს სესხის ხელშეკრულებას და სინამდვილეში ურთიერთობაში შედის როგორც გამყიდველი, რომელიც გამოსყიდვის უფლების შენარჩუნებით (დროის კონკრეტულ პერიოდზე) ყიდის ბინას.
ამ ორ ხელშეკრულებას აქვს ორი განსხვავებული იურიდიული შედეგი.
– სესხი/იპოთეკის შემთხვევაში, სესხის ვადაში ვერ დაბრუნების შემთხვევას მოჰყვება ან დავა ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ორივე შემთხვევაში სახლი მსესხებლის საკუთრებაშია და გაიყიდება მხოლოდ იძლებითი აღსრულების შემთხვევაში – აუქციონზე. აუქციონის ჩატარებამდე ნებისმიერ დროს სესხის დაბრუნების შემთხვევაში კი სახლი რჩება მსესხებლის საკუთრებაში;
– ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დროს, ე.წ. მსესხებელი რეალურად არის გამყიდველი და ყიდის მის სახლს. გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ კი სახლს ვეღარ იბრუნებს.
ნასყიდობა გამოსყიდვის დროს, გაცილებით მარტივია, მაგალითად 10 000 დოლარის სესხის პირობებში დაიკარგოს 50 000 დოლარი და მეტის ღირებულების სახლი, ისე რომ მესაკუთრეს პრაქტიკულად სახლის დაბრუნების ალბათობა არ რჩება (ანუ ძალიან მძიმე მდგომარეობა ექმნება მსესხებელ/გამყიდველს). ასეთი ხელშეკრულებების შესახებ დავები ამ დროისათვის ძირითადად ჯერ სასამართლოებშია და წინ არის მათი აღსრულების დრო და გამოსახლებები (სამწუხაროდ).
ეს ძალიან მძიმე ვითარებას შექმნის და სანამ ჯერ კიდევ არის დრო, სისტემური მიდგომით უნდა მოგვარდეს.
გამოსავალი არის:
· ეკონომიკურ გაძლიერებაში, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ შემოსავლები, რომლითაც შეძლებენ მათი ვალდებულებების შესრულებას.
· ხალხის ინფორმირებაში, რომ იცოდნენ ასეთ ხელშეკრულებებს რა შედეგები მოჰყვება და თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას, არ უნდა გააფორმონ, მით უმეტეს, ბინის ღირებულების მეათედ თანხებად,“ – წერს არევაძე.