ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახით გათევზიანდა

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით გათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, გათევზიანების პროცესში ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ფიცხელაური და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერები მონაწილეობდნენ.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და ბუნებრივად გამოჩეკის პროცესის მაქსიმალურ ზრდას.
2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.
სააგენტოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, წელიწადში, ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება ხორციელდება.
2006 წელს, ნაკადულის/მდინარის კალმახი „წითელ ნუსხაში“ მოხვდა და მიენიჭა მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი მდგომარეობაა ევროპის არაერთ ქვეყანაში, რის გამოც აღნიშნული პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეების გათევზიანება აქტიურად მიმდინარეობს.