ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მადუროს დაკავების შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს დაეკისრება.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, სასამართლომ განაცხადა, რომ როდრიგესის ამ თანამდებობაზე დანიშვნა მნიშვნელოვანია „ადმინისტრაციული უწყვეტობისა და ქვეყნის ყოვლისმომცველი დაცვის უზრუნველსაყოფად“.
ბრძანებაში, რომელიც მოსამართლემ სასამართლოს სხდომაზე წაიკითხა, წერია, რომ დელსი როდრიგესი „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში აიღებს და განახორციელებს ვენესუელის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობისთვის დამახასიათებელ ყველა უფლებამოსილებას, მოვალეობასა და კომპეტენციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადმინისტრაციული უწყვეტობა და ერის ყოვლისმომცველი დაცვა“.
ვენესუელის კონსტიტუციით, პრეზიდენტის დროებითი ან აბსოლუტური არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა პირმა უნდა შეასრულოს.
3 იანვარს, სააგენტო „როიტერსი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი რუსეთში გაიქცა.
თუმცა მანამდე, როდრიგესი სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ აუდიომიმართვაში ითხოვდა მადუროს და მისი მეუღლის, სილიას სიცოცხლის დამადასტურებელი საბუთების წარდგენას.
ფორუმი



