„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ.
მილოცვის ტექსტში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სახელით, ისინი „დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით“ ულოცავენ ილია მეორეს დაბადების დღეს და გამოხატავენ მადლიერებას:
„იმ რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიული გზისთვის, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ღირსეულად გაატარეთ… ჩვენი ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, მის მომავალზე ზრუნვა, ის რთული და საპასუხისმგებლო, ამავდროულად კი საპატიო მისიაა, რომელსაც წლებია ღირსეულად ასრულებთ, ამიტომაცაა, რომ თქვენი სიტყვა და დარიგება საზოგადოებისათვის მტკიცე სულიერ საყრდენად იქცა. განვლილი წლების მანძილზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის თქვენ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება“, წერია მილოცვის წერილში.
ივანიშვილი წერს, რომ შეუფასებელია ილია მეორის როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითოეული მისი სიტყვა „სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება“.
„გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას საქართველოს საიმედოდ და საკეთილდღეოდ“, – წერენ ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე ასევე მიულოცეს „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და „ქართული ოცნების“ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ილია მეორე, რომელიც 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს.
ფორუმი




