3 იანვარს აშშ-მ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია წამოიწყო, რომლის შედეგადაც აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპის თქმით, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ს სამხედრო ძალებმა მადურო და მისი ცოლი “ქვეყნიდან გამოიყვანეს”. მოგვიანებით აშშ-ს იუსტიციის მინისტრმა, პემ ბონდიმ X-ზე დაწერა, რომ მადუროს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში წარუდგინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში აშშ-მ ელიტური დანაყოფი Delta და დიდი ოდენობის ავიაცია გამოიყენა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა საჰაერო იერიშების ამსახველი კადრებიც, რომლებშიც აფეთქებები და ვენესუელის თავზე მფრინავი ვერტმფრენები ჩანს:
თუმცა, აშშ-ს იერიშებს, როგორც ჩანს, მცირედი ან ვერანაირი წინააღმდეგობა გაუწიეს ვენესუელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა.
მადუროს რეჟიმი წლების განმავლობაში ცდილობდა მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვითი ქსელის შექმნას, რომელიც ძირითადად რუსული S-300 ტიპის სისტემებს, Buk-ებსა და სხვა ტიპის მოკლე რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ეყრდნობოდა.
მოსკოვმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ვენესუელის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნაში რეჟიმისთვის რუსული სისტემების მიწოდებითა და ფულის სესხებით. Reuters-ის ცნობით, 2009 წელს რუსეთმა ვენესუელას $2.2 მილიარდის სესხი მისცა იარაღის შესასყიდად, რაც მაშინდელი მმართველის, უგო ჩავესის თქმით, S-300 ტიპის სისტემებსაც მოიცავდა.
მას შემდეგ მოსკოვი საჰაერო თავდაცვითი სისტემებით მადუროს რეჟიმის მხარდაჭერასაც განაგრძობდა. ჯერ კიდევ ოქტომბერში, აშშ-სთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, მადურო ამბობდა, რომ ვენესუელას 5 000 რუსული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა აქვს განთავსებული “მთავარ საჰაერო თავდაცვით პოზიციებზე.”
გამოცემა Financial Times-ის ცნობით, თავდაცვის სფეროს ექსპერტები აქამდე ამბობდნენ, რომ აღნიშნული სისტემები აშშ-ს საჰაერო ოპერაციებს გაართულებდნენ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მადუროს დაკავების სპეცოპერაციის დროს ვენესუელის საჰაერო თავდაცვის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა მინიმალური იყო.
“მსოფლიოში ნებისმიერმა სამხედრო ძალამ იცის Igla-S-ის სიძლიერე და ვენესუელას არანაკლებ 5 000 აქვს.” – აცხადებდა მადურო.
მადუროს დაკავების შემდეგ Fox News-თან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ საჰაერო იერიშის დროს ამერიკულ ვერტმფრენს საბრძოლო მასალა მოხვდა, თუმცა, სპეცოპერაციის ფარგლებში აშშ-ს საფრენი აპარატი არ დაუკარგავს.
“საფრენი აპარატი არ დაგვიკარგავს. ყველაფერი უკან დაბრუნდა. ერთ-ერთს საკმაოდ ძლიერად მოხვდა, ვერტმფრენს, მაგრამ დავიბრუნეთ,” თქვა ტრამპმა.
ბრიტანული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, RUSI-ს (Royal United Services Institute) მკვლევრის, კარლოს სოლარის თქმით, “ვენესუელა ხუთი თვის განმავლობაში სწორედ ამ სცენარისთვის ემზადებოდა – აშშ-ს მხრიდან რეჟიმის შეცვლის ოპერაციისთვის.”
“ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით რაიმე მტკიცებულებას, რომ ვენესუელის არმიამ [აშშ-ს] წინააღმდეგობა გაუწია.” – დაამატა მან.
აშშ-ს იერიშების შემდეგ გავრცელდა არაერთი სურათიც, რომელზეც საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურებული სამხედრო აღჭურვილობა ჩანს.
Juan Barreto/AFP/GettyREUTERS
tabula.ge




