თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს “მთის ამბების” რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს.
ის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი და მის ინტერესებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” იცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიციის ამ განყოფილებაში კიდევ 10-მდე დაკავებულია.
მთივლიშვილის დაკავების ფაქტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და დაგმო. მან სამართალდამცველებს “მთის ამბების” რედაქტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა:
“ჟურნალისტი აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს აშუქებდა, რა დროსაც ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს. როგორც ქარტიისთვის ცნობილია, ადვოკატს, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრს წარმოადგენს, გელა მთივლიშვილმა უთხრა, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მისი მოგუდვა სცადეს. ქარტია კატეგორიულად გმობს გელა მთივლიშვილისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციას შეახსენებს მის ვალდებულებას, ჟურნალისტებს შეუქმნას უსაფრთხო გარემო მუშაობისას,” – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
გამოსახლების გაშუქებისას, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვა ჟურნალისტებსაც.
ასევე ნახეთ:
· პოლიციელმა ჟურნალისტი ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ სამ ჟურნალისტს | ქარტია