საქართველოში IT სექტორის შემოსავალი 4.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა – Galt&Taggart

„ბოლო წლებში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT) სწრაფი ტემპით გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი გახდა“. ამის შესახებ Galt&Taggart კვლევაშია საუბარი.
კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს.
როგორც „გალთ&თაგარტი“ განმარტავს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ექსპორტზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მომსახურების ექსპორტში. უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ICT ექსპორტმა 842 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 10.9% იყო. ამასთან, 2025 წლის 9 თვეში ICT ექსპორტი წლიურად 52.3%-ით გაიზარდა და 898 მლნ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 14%-ს შეადგენდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ICT სექტორის ზრდაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი IT ქვე-სექტორია. „გალთ&თაგარტის“ მიხედვით, 2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი 4.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 2.1-ჯერ აღემატებოდა.
„შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული. 2025 წლისგან განსხვავებით, 2024 წელს IT სერვისების ექსპორტი წლიურად 9.2%-ით შემცირდა, რაც რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო IT კომპანიის შედარებით სუსტ შედეგებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, მცირე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ზრდის ფონზე, სექტორის საერთო ბრუნვა 2024 წელს 48.8%-ით გაიზარდა”,- წერია კვლევაში.