ლონდონის „ჩელსიმ“ ენცო მარესკა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
„საფეხბურთო კლუბმა „ჩელსიმ“ და მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ თანამშრომლობა შეწყვიტეს.
კლუბში მუშაობის პერიოდში ენცომ გუნდს წარმატებები მოუტანა – მოიგო უეფა-ს კონფერენს ლიგა და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ეს მიღწევები კლუბის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მადლობას ვუხდით მას კლუბის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის.
იმ პირობებში, როდესაც გუნდი ოთხ ტურნირზე იბრძვის, მათ შორის მიზნად ისახავს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას, ენცომ და კლუბმა ერთობლივად მიიჩნიეს, რომ ცვლილება გუნდს სწორი გზით სვლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.
ენცოს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია „ჩელსის“ ოფიციალურ განცხადებაში.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ჩელსი“ ახალი მწვრთნელის დანიშნვას მალე აპირებს. ერთ-ერთ კანდიდატად ლიამ როსენიორი სახელდება, რომელიც ფრანგულ „სტრასბურგს“ უდგას სათავეში.



