საბოლოო ჯამში, ჩვენი დამარცხება შეუძლებელია, იმიტომ, რომ უარს ვამბობთ დამარცხებაზე. და ჩვენ თუ უარს ვამბობთ, ვერ დაგვამარცხებენ, – ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნება“ უკვე იმ დონემდე მივიდა, რომ რაც კი წარმოუდგენელი ეჩვენებოდათ, ყველაფერი გააკეთეს.
მისივე თქმით, მიუხედავად ყინვისა, სიცივისა, ხალხის რაოდენობისა, დაჭერებისა, ჯარიმებისა, ტროტუარზე დგომის აკრძალვისა, საზოგადოებამ ყველაფერს გაუძლო და მაინც რუსთაველზე დგანან.
ტროტუარზე დგომის აკრძალვამდე რომ მივიდოდნენ, ეგეც წარმოუდგენელი იყო.
საწამებელ მინივენებს რომ მოამზადებდნენ, შიგნით საცემი ადგილისთვის ამოიღებდნენ სკამებს, შეყრიდნენ გაზის კაფსულებს და კარებს დაუკეტავდნენ, ეგეც რთული წარმოსადგენი იყო,
ის, რომ დღისით, მზისით ანახებდნენ, რას უშვრებიან ჟურნალისტებს, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ, და თავხედურად არც კი იძიებენ, რომ ფორმალურად რამე თქვან, მაგის წარმოდგენაც რთული იყო,
ის, რომ მოახერხებდნენ ფორმიანი ადამიანების ამ რაოდენობით გადამზადებას და ტვინების სრულ წმენდას – როცა გადიხარ და უყურებ, ხედავ, როგორ ეზიზღები მათ, საომრად არიან გამოსულები, ერთი სული აქვთ, როდის დაგამტვრევენ და სისხლში როდის გაისვრიან ხელებს, ამით კმაყოფილებაც რთული წარმოსადგენი იყო, ამ დროში კაციჭამიებად გადამზადება და მათი სანადიროდ გამოყვანა…
შარშანდელი კადრები რომ გაიხსენო, ჩვეულებრივი ფილმია, გამთენიას ზურგჩანთიანი ადამიანები რომ საცემრად მოგსდევენ, ყოველ დღე ხდებოდა ეგ, ყველაფერი რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ ასევე რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანებს დაიჭერდნენ წლობით სისხლის სამართლის საქმეზე და არავინ გატყდებოდა მათ შორის, ასევე წარმოუდგენელი იყო, რომ დაიჭერდნენ მთელ პოლიტიკურ კლასს და პროტესტი გაგრძელდებოდა უწყვეტად, როდესაც ვამბობდი, რომ თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, უკან აღარ შევა-მეთქი, უმეტესობას ამის არ სჯეროდა, პასუხი იყო, რომ: “აი, ბელორუსები იდგნენ 5-6თვე და ქართველები დადგებიან?!”
ვინ დაიჯერებდა, რომ ხალხი წელიწად-ნახევარი იდგებოდა ქუჩაში? 5 თვეც დადგნენ, წელიწადზე მეტიც გავიდა და ისევ დგანან ყოველ დღე. ყინავს. გუშინ ძვლებამდე გავიყინე, მაგრამ ადამიანები მაინც დგანან. მიუხედავად რაოდენობისა, დაჭერებისა, ჯარიმებისა, ტროტუარზე დგომის აკრძალვისა, ყველაფერს გაუძლეს და მაინც დგანან.
მე ამას ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი დამარცხება შეუძლებელია, იმიტომ, რომ უარს ვამბობთ დამარცხებაზე. და ჩვენ თუ უარს ვამბობთ, ვერ დაგვამარცხებენ”,- თქვა ჯაფარიძემ.




