ალიკაპის გარეშე გასეირნება – ₾150, მიტოვება – ₾5 000 – შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება დაიწყო. კანონით გათვალისწინებული ნორმები ძალაში ეტაპობრივად შევა და საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედება 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი.
მოქმედი გრაფიკის მიხედვით, 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობას უნდა წარუდგინოს ძაღლების მოშენების მორატორიუმის აქტი და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი წესი, ხოლო მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტები 1-ელ მარტამდე უნდა დაამტკიცოს.
ამავე ვადამდე, 1-ელ მარტამდე, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:
შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დამტკიცება;
სტერილიზაცია/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის მიღება;
ვეტერინარული კლინიკებისა და თავშესაფრების მარეგულირებელი დადგენილებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუნიციპალიტეტებს 2026 წლის 1-ელ მარტამდე ევალებათ ცხოველთა ყოლის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ან ახალი წესების დამტკიცება.
კანონის მიხედვით, 1-ელ მაისამდე მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად, ხოლო არამარეგისტრირებელმა სუბიექტებმა – მხოლოდ წვდომის მისაღებად. 1-ელ ივლისამდე სეს-მა უნდა უზრუნველყოს ბაზაზე სუბიექტების სრული წვდომა.
ჯარიმები და სანქციები
2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება სანქციები შემდეგი ვალდებულებების დარღვევისთვის:
იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია – 1 500 ლარი
სტერილიზაცია/კასტრაცია – 1 500 ლარი
ცოფის ვაქცინაცია – 500 ლარი
გამრავლება თანხმობის გარეშე – 3 000 ლარი
ცხოველის მიტოვება – ფიზიკური პირი 5 000 ლარი, იურიდიული პირი 10 000 ლარი
საშენების დაჯარიმება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება:
მოშენების წესების დარღვევა – 1 000 ლარი
მოშენება რეგისტრაციის გარეშე – 5 000 ლარი
მოშენების მორატორიუმის დარღვევა – 10 000 ლარი
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესული ცვლილებებით:
ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა, რომელმაც დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე;
თუ ქმედებამ ცხოველის დაღუპვა გამოიწვია — სასჯელი იქნება ჯარიმა, შინაპატიმრობა 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 5 წლამდე.
კანონის ძალაში შესვლის ეტაპები
2027 წლის 1-ელ იანვრამდე:
2026 წლის 1-ელი ივლისიდან მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
უკვე იდენტიფიცირებული ცხოველების მეპატრონეებმა უნდა მიმართონ რეგისტრაციისთვის;
საშენებმა რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა გაიარონ;
რეგისტრირებული ცხოველები 2027 წლის 1-ელ იანვრამდე სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას არ ექვემდებარებიან.
2027 წლის 1-ელ ივლისამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს კინოლოგისა და ფელინოლოგის სერტიფიცირების წესი, ხოლო 2028 წლის 1-ელ ივლისამდე სპეციალისტებმა სერტიფიცირება უნდა გაიარონ ან განათლების აღიარებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართონ.
დაჯარიმება უკვე 2026 წლიდან
მეპატრონეები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაჯარიმდებიან:
ცხოველის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე – 150 ლარი
ცხოველთან ერთად მგზავრობის წესის დარღვევა – 150 ლარი
აკრძალულ სივრცეში შეყვანა – 50 ლარი
მარეგისტრირებელი სუბიექტები (კერძო თავშესაფარი, საშენი, ვეტერინარი) 2027 წლის 1-ლი იანვრიდან დაჯარიმდებიან:
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის – 3 000 ლარი
მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევისთვის – 500 ლარი
არამარეგისტრირებელი სუბიექტებისთვის (ცხოველთა სასტუმრო, კინოლოგი/ფელინოლოგი, რეალიზატორი, გრუმინგი) იგივე დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს