“რაღაცა გარაჟი შემოგვთავაზა” – აღსრულების ბიურომ კეკელიძის N1-დან ოჯახი გაასახლა

დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ გადაუხდელი სესხის გამო ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა. იქამდე, დაპირისპირება მოხდა პოლიციას და მოქალაქეებს შორის, რის გამოც, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
გამოსახლებული მარინა ხატიაშვილის თქმით, “დღეს ჩვენ ვართ მოწმე ერთობლივი საპოლიციო და სააღსრულებო გამოსახლების”. მისი მტკიცებით, პოლიცია მევახშის უფლებებს იცავს.
კითხვაზე, რომ პირმა, ვისთანაც დავა ჰქონდა, გამოსახლებულ ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცე შესთავაზა, მარინა ხატიაშვილი პასუხობს – “ალტერნატიული რაღაცა გარაჟი შემოგვთავაზა, თან ნაჩუქრობით გვიკეთებდა და ნაჩუქრების გაუქმების უფლება მას აქვს მთელი 1 წლის განმავლობაში ანუ იქიდანაც მიპირებდა”.
“უყურეთ, რა ლოგიკა იყო, ვითომ იძახდა, 150 000 დოლარი დამახვედრეთ და მერე წავალო. ჩვენ ვაძლევდით 70 ათას დოლარს და პლუს ის ფართი, რომელსაც ეგ მთავაზობდა, ღირს ასევე სადღაც 70 000 დოლარი, იქიდანაც ვიღაცა ჰყავს გამოსახლებული, როგორც ჩანს. ანუ არანაირი ლოგიკა არ იყო ამაში, თან ანუ ნაჩუქრობით მიპირებდა, რომელიც ერთი წლის მანძილზე ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს და იქიდანაც გამომასახლოს” – თქვა ხატიაშვილმა.
კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა.
აღსრულების ბიუროს ცნობით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციამ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ გადადო.
“ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზეც მოვალემ განაცხადა უარი” – აცხადებს ბიურო.
მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.