ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის ძალით გამოსახლებას ეხმაურება.
მისი თქმით, გამოსახლების პროცესში მონაწილე ყველა პირმა, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და ადამიანის უფლებები შელახა.
“პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა მევახშე ბანკირმა, როგორ გამოიყვანა ძალით, როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვაში. ამიტომ, არჩევანი არის უმარტივესი – აქეთ, ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე, იქით ევროპული ცივილიზაცია, აქეთ ბიძინა ივანიშვილის გამდიდრება, იქით ქართველი ხალხის დოვლათი და ეკონომიკა, აქეთ საბანკო ოლიგარქია და პროცენტები, რომელიც კისერზე აწევს მოქალაქეს.
ყველა ადამიანს, ვინც ამაში [გამოსახლებაში] მონაწილეობა მიიღო, უნდა ესმოდეს, რომ ისინი არაჰუმანურ აქტში, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან, როცა ადამიანის უფლებებს ლახავენ და ძალადობრივი გზით ადამიანს ასახლებენ სახლიდან”, – ამბობს ხაბეიშვილი.
დღეს აღსრულების პოლიციამ ვაკეში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ. პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა.
რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.