ქვეყნის მასშტაბით, რიგ საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ქვეყნის მასშტაბით, რიგ საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ ან სრულად იკრძალება.
მათ შორის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.
გარდა ამისა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ჯვარი-ლახამულა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე.
გზების დეპარტამენტიის ინფორმაციით, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ100 (ჯვარი-ლახამულა) და კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, საავტომობილო გზის კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.