თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმობიდან გაათავისუფლა 4 ოქტომბრის “მშვიდობიანი დამხობის” საქმეზე ბრალდებული ევა შაშიაშვილი.
ევა შაშიაშვილი სხდომას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ესწრებოდა.
გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
მანამდე, გირაოს გამოყენების მოთხოვნით პროკურატურას არაერთხელ მიმართეს, მათ შორის აქცია გამართეს პოლიტიკოსმა და აქტივისტმა ქალებმა.
46 წლის ევა შაშიაშვილს წინასწარი პატიმრობა დაახლოებით 2 თვის წინ შეეფარდა, ის ონკოპაციენტია და ციხეში საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა. ადვოკატი მარიამ ხაჭაპურიძე რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, რომ ევას მდგომარეობას ართულებს მძიმე სანიტარული პირობები ახალ საკანში, სადაც ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
ევა შაშიაშვილი თავისი 24 წლის ქალიშვილის, მარიამის ერთადერთი მეურვეა, ის ახლა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და იქ ყოფნის ვადა დეკემბერში ეწურებოდა.
შაშიაშვილის ახლობლებმა, გუშინ 30 დეკემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამედიცინო დაწესებულებამ მარიამის კლინიკაში დაყოვნების ვადა გაუხანგრძლივა. ის დედის გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებდა.
4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების ნაწილის მსგავსად, ევას პროკურატურა ედავება სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას [სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილი] და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას [225-ე მუხლის მეორე ნაწილი].
ეს მუხლები, თუ სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ევა შაშიაშვილი აღიარებს, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან ქვა ისროლა, რაც წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებშიც ჩანს.
პროკურორმა როინ ხინთიბიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულის და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შაშიაშვილმა აღიარა ბრალი და მტკიცებულებები უდაოდ ცნო, ბრალდების მხარე თანახმაა, ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
ევა შაშიაშვილი, რუსთავის ნომერ მე-12 ქალტა დაწესებულებას დღესვე დატოვებს
4 ოქტომბერს თბილისში, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანების ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით. პოლიციამ ამ საქმეზე დააკავა 60-ზე მეტი, პროკურატურამ კი ბრალი წაუყენა 64 ადამიანს.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების “მშვიდობიანი დამხობის” მოწოდებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა, “გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები”, სასახლის “ჯებირების” გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ფორუმი




