„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, ჩვენ რომ გაგვიყვანენ, მანდ რესპუბლიკური საავადმყოფო აღარასდროს იქნება“ – ნინო ოთარიშვილი

„ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების დროს, როგორ დაინგრა საავადმყოფოები და განადგურდა. მაგალითად, ჰემატოლოგიის ინსტიტუტი, ფსიქიატრიული ინსტიტუტი, ონკოლოგიური საავადმყოფო… ყაზბეგზე მშენებლობაა, ასათიანზე, ფსიქიატრიული შენობის ტერიტორიაზე მესამე მაღალი შენობა შენდება. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ იმ 7 ჰექტარზე, რომელზეც რესპუბლიკური საავადმყოფოა განთავსებული, ასევე მშენებლობა დაიგეგმება“,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ნინო ოთარიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„არსებობს ექსპერტიზის დასკვნა 2018 წლის, სანამ სამინისტრო შეუკვეთავდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლების პროექტს, მაშინ სამხარაულმა დაწერა, რომ მზიდი კონსტრუქციები არის აბსოლუტურად დაზიანების გარეშე და არანაირი პრობლემა არ აქვს, ანუ შენობა ავარიული არ არის. პრობლემა აქვს არამზიდ კონსტრუქციებს და პრობლემა არის მინის ფასადი, რომელიც ს დროს, 2007 წელს გამაგრდა, ძველი შენობის ფასადის დასაფარად. ამის შემდეგ, 2021 წელს კიდევ ერთი დასკვნა იყო, რომ შენობის ფასადი არის მწვავედ ავარიული და არის ჩამოსაღები სასწრაფოდ, ვინაიდან შეიძლება ჩამოვარდეს და საფრთხე შეუქმნას როგორც შიდა პერიმეტრზე, ისე გარეთ მოძრავ ადამიანებს. თუმცა, მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენ ეს 2021 წლის დასკვნა თვალით არ გვაქვს ნანახი. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ბატონმა ილიამაც (ღუდუშაურმა), თქვა ასეთი რამ, შენობა ავარიული არ არის, თორემ ამდენს კი არ ვილაპარაკებდით, რა გავუკეთოთ ამ შენობასო.
ერთ-ერთ სამუშაო ვერსიად, მათ მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ აი, დასკვნის საფუძველზე, რომელსაც ჩვენ მარტში ველოდებით, შეიძლება ითქვას, რომ შენობა უნდა დაინგრეს, მაგრამ შეიძლება მოვიდეს სხვა დასკვნა, რომ მაგალითად, ააშენეთ სხვა. მარტის დასკვნებზე იყო ასეთი აქცენტი, რომ რასაც საერთაშორისო ექსპერტიზა მოგვცემდა, იმის მიხედვით გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ, ძლიერი ქარი რომ იყო, ჩამოვარდა მინა. უკვე გუშინ, ამოაფრიალეს, 2021 წლის დასკვნა ექსპერტიზის, სადაც წერია, რომ ფასადი არის მწვავედ ავარიული და ჩამოსახსნელია. რატომღაც ეს გაახსენდათ 2024 წელს.
როდესაც ასეთი არასაგნობრივი მსჯელობა მიდის და ჰაერზე გესაუბრებიან ადამიანები, სამედიცინო კოლექტივს აქვს აბსოლუტური უნდობლობა მათ მიმართ. როდესაც გარანტიას გაძლევს ადამიანი, რომ 3 წელი გადაგიხდის კომპენსაციას (ეს ერთ-ერთი შემოთავაზებაა), ვისაც სამსახურით ვერ დაგვაკმაყოფილებს, ვეკითხებით, ამის გარანტორი ვინ არის? ან ხელისუფლება შეიცვალოს, ან 3 წელი გავიდა და დავუშვათ, ახალი რესპუბლიკური არ შენდა. იცინის ბატონი ილია, პასუხი არ აქვს.
ერთი წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც არ წაწეულან წინ, რომ რამე გაეკეთებინათ და ჩვენთვის რაიმე ეჩვენებინათ. მეორე, არ არის არანაირი პროექტი, რა გამოცხადებულა ტენდერი, არც დანგრევის, არც აშენების, არ მოძიებულა არანაირი თანხა, არ არსებობს არც ტექნიკური, არც არქიტექტორული პროექტი, არანაირი ექსპერტიზის დასკვნა და ძალიან ჩქარობენ ჩვენს საავადმყოფოდან გაყრას.
ვრცლად იხილეთ: bpn.ge