შევისწავლით აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას, ვარკვევთ დაკავებულთა ადგილსამყოფელს | ომბუდსმენი გამოსახლებაზე

სახალხო დამცველი თბილისში, კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეხმაურება და ამბობს, რომ აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით.
გამოსახლების პროცესის დროს ოჯახი ითხოვდა სახალხო დამცველი ადგილზე მისულიყო. მოგვიანებით, ქალი, რომელიც გამოასახლეს უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
“საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით”, – წერია განცხადებაში.
ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების ბიურომ საპოლიციო ძალების დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები, ისინი ცდილობდნენ ბიუროს წარმომადგენლების შეჩერებას. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის, დააკავეს არაერთი პირი. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა, მიიღეს სხვადასხვა დაზიანებები.
ამ ოჯახის გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა. “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ამბობს, რომ ოჯახი მზადაა დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. მარინა ხატიაშვილი ყვება, რომ არ აქვს ბინა, სადაც შეძლებს გადავიდეს და მეგობრების იმედად რჩება.