ლევან ცუცქირიძე – რთული წელი იყო, სახელმწიფო უფრო ღრმად ჩაეფლო კორუფციის მორევში – წინააღმდეგობა შეიკრა მდინარედ, რომელსაც „ოცნება“ წინ ვერ დაუდგება, ძალაუფლებას „ხიშტების“ ხარჯზე ინარჩუნებენ, რაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელია

ყველა გაგებით რთული წელი იყო ნამდვილად, ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო კრიმინალისა და კორუფციის მორევში, რადგან პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ ლიდერები ადასტურებენ იმას, რომ „ქართული ოცნება“ ღრმად კორუმპირებული კრიმინალური სინდიკატია,- ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ლევან ცუცქირიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ კორუმპირებული კრიმინალური სინდიკატია, რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან ინტეგრირებული“.
„როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით და ვაპროტესტებდით ფარცხალაძესთან დაკავშირებულ მოვლენებს, როდესაც ეროვნული ბანკის კანონმდებლობას ცვლიდნენ, რომ „დაეკრიშათ“ და სანქციებისგან დაეცვათ ეს ადამიანი, გამოდიოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები და აცხადებდნენ: ის „პატრიოტი ადამიანი არის, რომელსაც ცილს სწამებენო“ და ა.შ. აღმოჩნდა ყოფილი ბოტასების ქურდი, შემდეგ ასევე აღმოჩნდა, რომ როცა თანამდებობაზე ნიშნავდნენ, ყალბი დიპლომი წარადგინა, თურმე დღეს აღმოაჩინეს, რომ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი ყოფილა. ახლა ამ ყველაფერს თავად ამბობენ და ყველასთვის ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში არ აინტერესებს ის თემები, რომლებზეც ლაპარაკობს, ის ცდილობს, რომ საკუთარი ამომრჩევლები „დიფ-სთეითზე“ ლაპარაკით, ვითომ რაღაცასთან ბრძოლით, გლობალურ ომის პარტიაზე და კიდევ ათას სისულელეზე საუბრით გააბრუოს და ამასობაში დროს იყენებს იმისათვის, რომ მეტი ფული მოიპაროს. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს ძველი ბიჭები და მოსკოვიდან ჩამოსული ქურდები მმართავდნენ.
მეორე – დემოკრატიული წინააღმდეგობის მხარეს გვქონდა მძიმე დანაკარგები, უდანაშაულო ადამიანები, სრულიად არაფრის გამო გამოკეტეს ციხეში. მაგრამ მეორე მხრივ, ეს იყო შეუპოვრობის წელიც, ასეთი სიმტკიცე და გამძლეობა მე არ მახსოვს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, აქამდე ოდესმე გამოევლინოს, თუ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას არ ჩავთვლით. მოვახერხეთ, რომ წინააღმდეგობა შეიქმნა და შეიკრა დიდ მდინარედ, ბევრი შენაკადით, და ეს მდინარე სიჩქარეს უმატებს და ერთი მიმართულებით მიედინება, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინ ვერ დაუდგება, რადგან მათ აღარ აქვთ შინაგანი რესურსი იმისა, რომ ხალხის უკმაყოფილებას გაუმკლავდნენ. ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ძალაუფლებას, მაგრამ ამ ძალაუფლების შენარჩუნებას მათ ყველა ის მნიშვნელოვანი რამ შესწირეს, რომელიც საჭირო იყო ძალაუფლების რეალური შენარჩუნებისთვის. მათ ხალხზე სასტიკად იძალადეს და მხარდაჭერა დაკარგეს. ასევე, მათ პრაქტიკულად ადგილობრივი ც წააგეს, რადგან წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში, ასე რომ ვთქვათ – მათმა ყველაზე მაგარმა პოლიტიკოსმა, თბილისელი ამომრჩევლების 20% მხარდაჭერა ძლივს აიღო. ნდობის მხრივ ფიასკო აქვთ, საერთაშორისო იზოლაციაში არიან და მორალური მხარდაჭერა აღარ აქვთ. ისინი ძალაუფლებას „ხიშტების“ ხარჯზე ინარჩუნებენ და „ხიშტებზე“ ჯდომა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელია“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.