გუნდში გვყავს შვიდი ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რათა მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტიანი – ირაკლი კობახიძე
ერთ-ერთი მთავარი, რასაც გამოვყოფდი მიმდინარე წლის მიღწევებიდან, იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, რაც კონკრეტულად შეეხო უშუალოდ მთავრობის მუშაობასაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არაერთი ცვლილება განხორციელდა იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი.
„მთავრობის შემადგენლობა სანახევროდ განახლდა, გუნდში გვყავს შვიდი ახალი მინისტრი, რომლებიც მიმდინარე წლიდან იკავებენ მინისტრების თანამდებობებს და მიმდინარე წელს თვისებრივად გაუმჯობესდა მთავრობის მუშაობის ხარისხი, მათ შორის, სწორედ, საკადრო ცვლილებების შედეგად. არაერთი ცვლილება განვახორციელეთ იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი. მთავრობის უკლებლივ ყველა აქტი არის გამჭვირვალე, რაც ქმნის ძალიან კარგ პირობას იმისათვის, რომ ჩვენ თავადვე ვიზრუნოთ მუდმივად ჩვენი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.




