AHLÂK & SÜNNET DERGİSİ და ISIS საქმე: „თუ ტერორისტი იყო, სამლოცველო რატო გაუხსნეს?“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ორუჯ მამედოვი, ძმები რამინ და სანან ალიევები, ემინ ემინოვი, ვუსალ ალახვერდიევი და თურქეთის მოქალაქე ამერ ონაი, სუნიტური ისლამის ახალი, რადიკალური, არატრადიციული მიმდინარეობა – AHLÂK & SÜNNET DERGİSİ-ის მიმდევრები არიან.
ეს მიმდინარეობა სირიაში 2022 წელს, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ნარჩენებში აღმოცენდა. შემდეგ კი აქტიური მიმდევრები თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, მალიში, სუდანში, ალჟირში, ლიბიასა და მაროკოში გაიჩინა.
თურქული სპეცსამსახურების ცნობით, AHLÂK & SÜNNET DERGİSİ-ის სულიერ ლიდერად მიიჩნევა, მამოსტ ოსმან ელ-ქურთი, ქალაქ შირნაქიდან. ქადაგებებში ოსმან ელ-ქურთი განსაკუთრებით მოუწოდებს, მიმდევრებმა ფინანსური დახმარება სირიასა და სხვა ქვეყნებში ჩარჩენილ ISIS-ის მებრძოლების ცოლებს (ქვრივებს) და შვილებს აღმოუჩინონ.
„აქ არ იცით თქვენ რა ხდებოდა, განსაკუთრებით პარასკევ დღეს, გაჭედილი იყო აქაურობა, მანქანას ვერ დააყენებდი და ვერც შემოხვიდოდი, უამრავი მიმდევარი ჰყავთ“ რუსთავის მკვიდრი
2022 წლის ბოლოს, AHLÂK & SÜNNET DERGİS-მა, წარმომადგენლობა და სამლოცველო თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გახსნა, 2023 წლის დასაწყისში კი უკვე საქართველოში, ქალაქ რუსთავის გარეუბანში და ასევე, თურქეთის ქალაქ ადანაში.
„აქ არ იცით თქვენ რა ხდებოდა, განსაკუთრებით პარასკევ დღეს, გაჭედილი იყო აქაურობა, მანქანას ვერ დააყენებდი და ვერც შემოხვიდოდი, უამრავი მიმდევარი ჰყავთ“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ რუსთავის მცხოვრებმა, რომელიც AHLÂK & SÜNNET DERGİS-ის სამლოცველოს ახლოს მუშაობს.
30 წლის ორუჯ მამედოვს, რომელიც საქართველოში, ბოლნისის რაიონის სოფელ ჯავშნიანიდან არის და რელიგიური განათლება თურქეთში მიიღო, რუსთავის AHLÂK & SÜNNET DERGİSİ-ის სამლოცველოში „შეიხ ებუ ბექირ ელ-აზერის“ სახელით იცნობდნენ. სუს-ის სპეცრაზმმა მამედოვი რუსთავში დააკავა, მისი საცხოვრებელი სახლიდან კი ხელყუმბარები ამოიღო. სუს-მა 14-15 მაისს, მამედოვთან ერთად გაჩიანში, რუსთავსა და მარნეულში კიდევ ხუთი პირი დააკავა.
„მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხოეთის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ და ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით, სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ“ – ასე წარმოადგინა ბრალი პროკურომა მაია სილაგაძემ. დაკავებულებს ბრალი სსკ-ის 328 და 236 მუხლებით წარედგინათ.
ონაის ტელეფონში აღმოჩენილია, ძალიან მძიმე კადრები, თუ როგორ სჯიან „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ტერორისტები სიკვდილით ადამიანებს, თუმცა, ეს მისი გადაღებული არ არის გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ ხელყუმბარები მისი არ არის და არც ISIS-თან ჰქონდა შეხება“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ გელა ნიკოლაიშვილმა, რომელიც AHLÂK & SÜNNET DERGİSİ-ის „საქართველოს შეიხის“ ორუჯ მამედოვის ინტერესებს იცავს.
მისი თქმით, „როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადებს, მთავარი მტკიცებულება არის მამედოვის და სხვა დაკავებული საქართველოს მოქალაქეების კავშირი, კიდევ ერთ დაკავებულთან, თურქეთის მოქალაქე ამერ ონაისთან.
მის ტელეფონში აღმოჩენილია, ძალიან მძიმე კადრები, თუ როგორ სჯიან „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ტერორისტები სიკვდილით ადამიანებს. ეს კადრები მისი გადაღებული არ არის, თუმცა ბრალი მას სწორედ ISIS-ში გაწევრიანების მუხლით აქვს წარდგენილი“ – გვითხრა გელა ნიკოლაიშვილმა.
თურქეთის მოქალაქე, 27 წლის ამერ ონაი, ეთნიკური ქურთია, თურქეთის ქალაქ ვანიდან. ისლამისტების წრეებში, მას ასევე იცნობენ „შეიხ ენსერულას“ და „აბუ შაჰიდ ალ ქურთის“ სახელებით. თურქული მედიის ცნობით, ამერ ონაი AHLÂK & SÜNNET DERGİSİ-ის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. 2019-2020 წლებში თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერ ონაის დაჯგუფების წინააღმდეგ ქალაქ ვანში რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარეს.
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ამენ ონაი თურქეთში დაკავებულიც იყო და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ, მოსამართლემ ონაი დროებით გაათავისუფლა, თუმცა, მას თურქეთის ტერიტორიის დატოვების უფლება არ ჰქონდა.
2022 წლის ზაფხულში ამერ ონაიმ, თურქეთ-საქართველოს საზღვარი, ვალეს გამშვებ პუნქტთან უკანონოდ გადმოკვეთა. ამის შემდეგ, იგი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს, საზღვრის უკანონო კვეთისთვის 5000 ლარით დააჯარიმეს, შემდეგ საპროცესო გაუფორმეს და მოსამართლემ სასამართლო დაბრაზიდან გაათავისუფლა.
ამ ბრალდებით ძალიან გაკვირვებული ვარ, ონაი აქ თავისუფლად გადაადგილდებოდა, აქ იყო მისი ოჯახიც და საქართველოში შეეძინა შვილი. აქ იმშობიარა მისმა მეუღლემ ნანა მაისურაძე, ადვოკატი
„ტერორიზმის ბრალდებით, ამერ ონაის დაპატიმრებით ძალიან გაკვირებული ვარ, ბუნებრივია ბრალს არ ვეთანხმებით“ – გვითხრა ადვოკატმა ნანა მაისურაძემ, რომელიც ონაის ინტერესებს საქართველოში 2022 წლის აგვისტოდან იცავს.
ადვოკატის თქმით, „ფაქტია, როცა ონაიმ გადმოკვეთა აქ საზღვარი, დააკავეს, დააჯარიმეს, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და სასამართლომ გაათავისუფლა, არანაირი ინფორმაცია, რომ ის ტერორიზმთან და ISIS-თან იყო კავშირში არ არსებობდა. მეტსაც გეტყვით, მას მიეცა დროებითი ბინადრობის მოწმობა, იგი აქ თავისუფლად გადაადგილდებოდა, აქ იყო მისი ოჯახიც და საქართველოში შეეძინა შვილი. აქ იმშობიარა მისმა მეუღლემ.
2022 წლის აგვისტოდან, მე ვიცავდი ონაის ინტერესებს, როცა მან საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა, ორჯერ იყო გასაუბრებაზე, ის ამბობდა, რომ ქურთული წარმოშობის და ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრობის (PKK) გამო დევნიდნენ. ნოემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსზე.
თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი და სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იოსებ ნატროშვილი, ადვოკატი
წელს, აპრილის ბოლოდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი სამი თვის ვადაში, უნდა გაეძევებინათ საქართველოდან უკან თურქეთში. ბოლოს, სწორედ ამ პროცედურის აღსრულებას ელოდებოდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში, როცა ეს ახალი ბრალდება წარუდგინეს“ – ამბობს ნანა მაისურაძე.
ამერ ონაის ადვოკატს ვკითხეთ, იცოდა თუ არა AHLÂK & SÜNNET DERGİSİ-ის რუსთავის ოფისისა და სამლოცველოს შესახებ? რა ფინანსებით არსებობდა AHLÂK & SÜNNET DERGİSİ რუსთავში? რატომ მოუწყვეს ონაის ამ სამლოცველოში 2023 წლის იანვარში პომპეზური დახვედრა და სად არის ჩაწერილი ონაის მიმართვა რადიკალური ისლამისტებისდამი, რომელიც რუსთავში დახვედრის ვიდეოსთან ერთად გავრცელდა?
ადვოკატმა ნანა მაისურაძემ გვითხრა რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. იგი კიდევ ერთი დაკავებულის ინტერესებსაც იცავს და საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია.
ამერ ონაის მეორე ადვოკატმა მარიამ ტაბატაძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ დაკავებული ბრალს არ ეთანხმება, საქმის სხვა დეტალებზე კი იმის გამო, რომ გრიფი საიდუმლო ადევს ვერ ისაუბრებს.
იგივე გაგვიმეორა ადვოკატმა იოსებ ნატროშვილმაც, რომელიც კიდევ სამ დაკავებულს წარმოადგენს. „თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი და სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“.
რუსთავის გარეუბანში „ამერიკის ხმას“ AHLÂK & SÜNNET DERGİSİ-ის ოფისი და სამლოცველო დაკეტილი დაგვხდა. „გავიგეთ, რომ ვიღაცეები დააკავეს და მას მერე აქ არავინ გამოჩენილა. ლოცვის დღეებში, ისეთები ხდებოდა აქ მანქანას ვერ დააყენებდი. მე არც ვიცოდი რომ ეს რადიკალების სამლოცველო იყო, ვიცი, რომ რუსთავში არის ერთი მეჩეთი და ესეც მათი მეგონა“ – გვითხრა რუსთავის მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.