ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ნახევარი მილიონი ლარის გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას წინასწარი პატიმრობა 1-ელ ნოემბერს შეეფარდა.
გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 მილიონ 211 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეში. ამ საქმეზე დაკავებულნი არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები. გამოძიების თანახმად, გაბუნიას დავალებით, სამსახურებრივი მოვალეობა ბოროტად გამოიყენეს და მიუხედავად იმისა, რომ „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 მილიონ 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი.