კრემლი არ აკონკრეტებს, რის გამკაცრებას აპირებს უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში პუტინის რეზიდენციაზე „შეტევის“ შემდეგ, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, უკრაინამ 29 დეკემბერს განახორციელა. კიევში მსგავს „შეტევას“ უარყოფენ.
კრემლში „ტერორისტული აქტი“ და არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგაც მიმართული ქმედება უწოდეს პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის ძალების „შეტევას“.
ეს კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა მოსკოვში დღეს, 30 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „მსგავსი პროვოკაციები და სახელმწიფო ტერორიზმის მსგავსი აქტები“ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დიალოგს და ნდობას ვერ შეარყევს.
პესკოვის თანახმად, „კიევის რეჟიმის“ ქმედებებს შესაბამის პასუხს სამხედროები გასცემენ, დიპლომატიური შედეგები კი იქნება მოლაპარაკების პროცესში რუსეთის პოზიციების გამკაცრება. შეკითხვას, კონკრეტულად რა გამკაცრდება, კრემლის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ამაზე საჯაროდ საუბარს არ აპირებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 91-ვე დრონი, რომლებითაც უკრაინის ძალებმა ნოვგოროდის ოლქში შეუტიეს რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციას. ლავროვის თანახმად, ინფორმაცია დაშავებულების და ზარალის შესახებ არ მიუღიათ.
29 დეკემბერს კრემლის საიტზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ოფიციალური კომენტარი, რომელიც ეხებოდა პუტინის და ტრამპის მორიგ სატელეფონო საუბარს.
უშაკოვის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის დელეგაციასთან ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შედეგების შესახებ. უშაკოვის თანახმად, პუტინმა ტრამპის ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ამერიკული მხარის მიერ „წარმატებულად მიჩნეული“ ამ რაუნდის შემდეგ „კიევის რეჟიმმა“ დრონების „მასშტაბური გამოყენებით ტერორისტულ შეტევას მიმართა“ პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე ნოვგოროდის ოლქში.
პუტინის თანაშემწის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მისაღწევად ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდროდ მუშაობას გააგრძელებენ, მაგრამ „გადახედილი იქნება რუსეთის პოზიციები ადრე მიღწეულ მთელ რიგ შეთანხმებებზე”.
რუსეთის განცხადებებს პუტინის რეზიდენციაზე უკრაინული დრონებით „შეტევის” შესახებ „მორიგი ტყუილი” უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მისი და დონალდ ტრამპის წარმატებული შეხვედრა, რომელიც 28 დეკემბერს ფლორიდაში გაიმართა, რუსეთს არ მოეწონა და ახლა საბაბს ეძებს, რათა კიევში დაარტყას სახელმწიფო დაწესებულებებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან მიღებული ინფორმაციით, მის რეზიდენციაზე დარტყმა სცადეს. ტრამპის თქმით, „ეს ცუდია“.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ საგრძნობ პროგრესს და დიდ წინსვლას მიაღწიეს და სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია.
დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიას განუცხადა, რომ გადაუწყვეტელ საკითხებად რჩება ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვა. ეს სადგური რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.




