ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 30 დეკემბრიდან, ამოქმედდა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი. ახალი სისტემა, სავარაუდოდ, საქართველოსაც შეეხება, ბრიუსელისა და სხვა ევროპული დედაქალაქების მხრიდან მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე.
რას გულისხმობს ახალი მექანიზმი
განახლებული წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, „უფრო სწრაფად და მკაცრად უპასუხოს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების ან ევროკავშირის ინტერესებთან შეუსაბამობის შემთხვევებს“. კერძოდ, ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერების უფლება აქვს, თუ მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკა არ შეესაბამება ევროკავშირის პოლიტიკას.
მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შესაძლოა გახდეს „საინვესტიციო მოქალაქეობის“ პრაქტიკაც, რომლის შემთხვევაშიც პასპორტები გაიცემა მათზეც, ვისაც სახელმწიფოსთან რეალური კავშირი არ აქვთ.
გარდა ამისა, მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს ევროკავშირსა და მესამე ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესების შემთხვევაში – მაგალითად, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში.
განახლებული კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ნებართვის გარეშე ევროკავშირში დარჩენისა და სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობის ზრდა “არსებითად” ჩაითვლება, თუკი ის 30%-ს მიაღწევს. თავშესაფრის მიღებაზე განაცხადების დაკმაყოფილების რაოდენობა მცირედ ჩაითვლება, თუკი ის 20%-მდეა. კარგად დასაბუთებულ შემთხვევებში, ევროკომისიას აგრეთვე შეეძლება საერთოდაც უგულებელყოს სტატისტიკური მონაცემები და გადაწყვეტილება სხვა საფუძვლებით მიიღოს.
გაზრდილია უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადაც. საწყისი პერიოდი 12 თვით განისაზღვრა, ნაცვლად მანამდე არსებული 9 თვისა, მისი ხანგრძლივობა კი 24 თვემდე განისაზღვრა, ნაცვლად მანამდე არსებული 8 თვისა.
ევროკავშირის მოსაზრებით, ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდი შესაბამის ქვეყანასთან დიალოგისა და გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლამდე შეჩერების გამომწვევი მიზეზების გადაჭრის საშუალებად უნდა იქცეს.
კიდევ ერთი სიახლეა ე.წ. მიზნობრივი (წერტილოვანი) მიდგომა. თუ ადრე შეჩერების მექანიზმი ავტომატურად ვრცელდებოდა ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, ახლა ევროკავშირს შეუძლია შეზღუდვები დააწესოს კონკრეტულ კატეგორიებზე – პირველ რიგში მთავრობების წარმომადგენლებზე და დიპლომატებზე.
ევროკომისიის კრიტიკული ანგარიში საქართველოზე
2025 წლის 19 დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მორიგი, მერვე ანგარიში.
მიღებული დოკუმენტის ძირითად მიგნებებში წერია, რომ „კონკრეტულად საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და საქართველომ 2024-2025 წლებში გადაუხვია თავისი გზიდან, მიუხედავად ბოლო წლების არაერთი რეკომენდაციისა”.
ევროკომისია მიუთითებს, რომ „პარტნიორების უმეტესობა ასრულებს ვალდებულებებს ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით, თუმცა საქართველომ გააუქმა ადრინდელი რეფორმები“.
„ქართული ოცნების“ მთავრობა უარს ამბობს ბრიუსელის რიგი რეკომენდაციების შესრულებაზე, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტის გაუქმებაზე. პრემიერ-მინისტრმა მ ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება ქვეყნისთვის „ეგზისტენციალურ საკითხს“ არ წარმოადგენს, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისგან განსხვავებით.
ზუსტად რას წერს ევროკომისია საქართველოზე
ევროკომისია 19 დეკემბერს მიღებული ანგარიშის ძირითად მიგნებებში საუბრობს საქართველოს მიერ არაერთი „ძირითადი კრიტერიუმის შეუსრულებლობაზე“. კერძოდ, იხსენებს, რომ:
„კომისიამ წარსულში უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევის შესახებ და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“.
შემდეგ წერს, რომ ამ მოწოდებების მიუხედავად, საქართველომ „დაარღვია ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეშვიდე (2024 წლის) ანგარიშის რეკომენდაციები“.
„ამ [დემოკრატიული] უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს“, – წერს ევროკომისია.
„მეორე ეტაპზე მთელ მოსახლეობაზე შეიძლება გავრცელდეს“
ევროკომისია იქვე აკონკრეტებს:
· „ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზომების მიუღებლობაზე“.
· „ახალი წესები უზრუნველყოფს შეჩერების წესის ერთგვაროვან გავრცელებას ყველა წევრ სახელმწიფოზე … როგორც კი ამ ჯგუფებისთვის ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ხელახლა დაწესდება“ [ეს ნიშნავს, რომ თუკი ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველა წევრი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთიც და ც, იძულებული იქნება, დაემორჩილოს მას].
· „მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუკი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს“.
· „საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება სრულიად დაკარგოს უვიზო რეჟიმი და მოხვდეს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა სავალდებულოა“.
ევროკომისია წერს, რომ გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მიერ სავიზო ლიბერალიზაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
ამჟამად ევროკავშირი უვიზო რეჟიმს ინარჩუნებს ევროკავშირის 64 არაწევრ ქვეყანასა და ტერიტორიასთან. ამ რეჟიმის ფარგლებში, მათ მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე დარჩენა 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში 90 დღემდე.
ფორუმი