აზერბაიჯანის მოქალაქეები გააფრთხილეს სასჯელზე, რომელიც უკრაინის ომში მონაწილეობას მოჰყვება

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ უცხო ქვეყნებში შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია და 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გენპროკურატურის მიერ 29 დეკემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბოლო ხანს სამართალდამცავი ორგანოების გამოძიებით და მედიით გავრცელებული ცნობებით დადასტურებულია აზერბაიჯანის მოქალაქეთა მონაწილეობა „რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ოპერაციებში“ და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან დაღუპულებს, მძიმედ დაჭრილებსა და დატყვევებულებს შორის.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდებით არაერთი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება დასრულებულია და სასამართლოს მიერ განაჩენიც გამოტანილია, ზოგიერთ საქმეზე კი წინასწარი გამოძიება გრძელდება. ბრალდებულთა რიცხვი პროკურატურას არ დაუსახელებია.
აზერბაიჯანის მოქალაქეები უკრაინაში იბრძვიან როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მხარეს, თუმცა მათ შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
2023 წლის მაისში ბაქოში, უკრაინის საელჩოსთან გაიხსნა „ხსოვნის კედელი“ – დაფა, რომელზეც გამოფენილი იყო უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპული აზერბაიჯანელების ფოტოები. კედელზე 26 დაღუპულის სახელები იყო.
2025 წლის აპრილში პორტალი Media.az წერდა, რომ უკრაინაში ფრონტის სხვადასხვა მხარეს დაიღუპა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე. რუსეთის მხარეს მეომარი აზერბაიჯანელი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაუშვეს რუსეთის ერთ-ერთი საპატიმროდან, სადაც სასჯელს იხდიდა მკვლელობის ბრალდებით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება