თამარ მეარაყიშვილმა 10 კგ დაკარგა, მშრალ შიმშილობაზე გადავიდა, მდგომარეობა გაუარესდა – ადვოკატი

ს მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 23 დეკემბრიდან შიმშილობს, „მშრალ შიმშილობაზე“ გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ მან წყლის მიღებაც შეწყვიტა; ადვოკატი ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და 10 კილოგრამი დაკარგა.
მეარაყიშვილის ადვოკატმა ალან ბაზზაევმა გამოცემა Sapa-ს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განუცხადა, რომ აქტივისტი სრულად უარს ამბობს არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, თამარ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ადვოკატის თქმით, მისი წნევა მერყეობს; ასევე, ამბობს, რომ ამ ეტაპზე მეარაყიშვილი „ნორმალურად საუბრობს“, მაგრამ „გარეგნულად აშკარად ეტყობა, რომ ცუდად არის“.
ადვოკატის თანახმადვე, მეარაყიშვილმა შიმშილობის შედეგად უკვე დაკარგა 10 კილოგრამი.
მოკლე დროში წონის რადიკალური კლება, მათ შორის შიმშილობის, განსაკუთრებით კი მშრალი შიმშილობის გაგრძელების ფონზე, ჯანმრთელობისთვის სერიოზული რისკების შემცველია.
„ის ამბობს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და თავს მიიჩნევს პრეზიდენტ ალან გაგლოევის პირად პატიმრად. ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას გათავისუფლებამდე“, – განაცხადა ბაზაევმა.