ელექტროენერგია 3 თვე არ გაძვირდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ელექტროენერგიის არსებული ტარიფების სამი თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ 17 დეკემბერს დააანონსა მომავალი წლიდან ელექტროენერგიის საფასურის ზრდა. მისი თქმით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში „ენერგო-პრო ჯორჯია“ 1,5 მლრდ ლარის ინვესტირებას აპირებს, ხოლო „თელასი“ – 400 მილიონი ლარის.
„ეს საინვესტიციო აქტივობა, ბუნებრივია, გარკვეულ ასახვას პოვებს სამომხმარებლო ტარიფზე. მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბრის კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგეტიკის სექტორში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება“, — განაცხადა ნარმანიამ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე მ ამის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მოახერხებენ ტარიფების შენარჩუნებას.
„კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები. ამიტომაც, უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, მნიშვნელოვანია, რომ ეს პარამეტრები მივიღოთ დაზუსტებული ფორმით. და ასევე, კომპანია „ენერგო-პროს“ ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა. ამიტომ ამ მოცულობებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ კანონით ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დროებით, სამი თვის ვადით, არსებული ტარიფები უცვლელი დავტოვეთ“, — განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს, 29 დეკემბერს, სემეკის სხდომის შემდეგ.
კითხვაზე, იმოქმედა თუ არა კომისიის გადაწყვეტილებაზე მთავრობამ, ნარმანიამ უპასუხა:
„მთავრობასთან გვქონდა კონსულტაციები ჩვენ გენერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს იყო ერთი მთავარი საკითხი, რაც იყო დასაზუსტებელი და ასევე იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონებში უნდა განხორციელდეს საინვესტიციო პროექტები“.