მინსკში საქმე აღუძრეს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტს

ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ერთ-ერთი რუბრიკის ავტორის, სიარგეი დუბავეცის წინააღმდეგ. მას ლუკაშენკას ხელისუფლება ბრალს სდებს ექსტრემიზმის, ნაციზმის რეაბილიტაციის და გენოციდის უარყოფის ამკრძალავი კანონმდებლობის დარღვევაში.
სიარგეი დუბავეცს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ტელეგრამ-არხზე აქვს საავტორო რუბრიკა „ჰკითხე დუბავეცს“.
ბელარუსის გენერალური პროკურატურის განცხადებით, დუბავეცი თავისი საავტორო ბლოგებით საჯაროდ ავრცელებს ცრუ და დესტრუქციულ ინფორმაციას ბელარუსის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო და საერთაშორისო და ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ეწევა ბელარუსის რესპუბლიკის და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა დისკრედიტაციას.
ჟურნალისტს და მწერალს, სიარგეი დუბავეცს, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, ბრალად სდებენ „დიდი სამამულო ომის“ პერიოდში ბელარუსების გენოციდის უარყოფასა და ნაციზმის რეაბილიტაციაშიც.
ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ხელისუფლებას რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ინტერნეტრესურსები „ექსტრემისტულ ფორმირებად“ აქვს გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ