„ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ბაზარს 20%-ით გაზრდის“- დავით ონოფრიშვილი

საპროგნოზო მონაცემებით, სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და მილიარდ ლარს გადააჭარბა. კომპანიების სადაზღვევო მოგებამ 250 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოგება წინა წელთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი. ეს ციფრები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2023 წელი სადაზღვევო სექტორისთვის რეკორდული იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში 18 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც სიცოცხლის და სხვა დაზღვევების ლიცენზიას ფლობენ. თუ რის მიხედვით გავიდნენ კომპანიები ასეთ ნიშნულზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, რომ პანდემია 2020 წელს დაიწყო, რაც თითქმის სამი წელი გრძელდებოდა და ეს აისახა ეკონომიკაზე და სხვადასხვა სექტორზე, სადაზღვევო სექტორზე შედარებით ნაკლებად, მაგრამ 2-3 წლის მანძილზე ზრდა თითქმის არ ყოფილა ან ძალიან მცირედი იყო.
ვიცით უკვე, რომ 2023 წელს ბაზარმა გადააჭარბა 1 მილიარდ ლარს და დაახლოებით 1 050 000 000 იქნება მთლიანი პრემია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა. 2018 წელს მთლიანმა პრემიამ 550 მილიონი ლარი შეადგინა, ახლა ეს მაჩვენებელი მილიარდზე მეტია, ხუთ წელიწადში მაჩვენებლების გაორმაგება კარგი ნიშანია, თუ გავითვალისწინებთ პანდემიურ მაჩვენებლებსაც.“ – აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
ონოფრიშვილის განცხადებით, ბაზარზე 18 კომპანია ნიშნავს იმას, რომ ბაზარი გაჯერებულია და საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, მისი თქმით ბაზარზე არის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე, ესენია: ალდაგი, ჯიპიაი, , შემდეგ მოჰყვება რამდენიმე 4-5 კომპანია, რომელიც არის საშუალო დონის მოთამაშე და შემდეგ რამდენიმე 7-8 კომპანია, რომელიც შედარებით დაბალ მოცულობაში მუშაობენ.
„ყველა ეს კომპანია გადამხდელუნარიანია, იქნება ეს ავტომობილები, სიცოცხლის დაზღვევის თუ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულება, ყველა კომპანია არის გადამხდელუნარიანი კომპანია. ცხადია ჩვენი ქვეყნის ბაზარი 18 კომპანიისთვის საკმაოდ პატარაა, მაგრამ ყველა ახერხებს რაღაცნაირად იყოს მომგებიანი, ზოგს უჭირს, მაგრამ ეს მათ გადახდისუნარიანობაზე არ აისახება.
რაც შეეხება სექტორებს, შედარებით წამყვანია სამედიცინო დაზღვევა, რომელიც დაახლოებით მთლიანი პრემიის ნაწილში 45 %-ს იკავებს, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებები 20%-მდე წილს იკავებენ, სიცოცხლის დაზღვევა გაიზარდა და 8%-მდე ავიდა. სექტორი განვითარებადია და შესაბამისად მათ შეუძლიათ, რომ უფრო მეტი გამოიმუშაონ. საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ დაზღვევა არის აუცილებელი და ეს არაა ზედმეტი ხარჯი ჯიბიდან.“- აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
ონოფრიშვილის თქმით, პროდუქტების თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი არის ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა, მისივე თქმით საქართველოში კანონმდებლობა ფაქტობრივად მზადაა და როგორც კი შემუშავდება ბოლო ვარიანტი, კანონპროექტი გადავა პარლამენტში.
„მიჭირს იმის თქმა წელს რამდენად მოესწრება, შეიძლება იყოს განხილვის საგანი, მას მერე ვადა სჭირდება რომ სტრუქტურები მომზადდეს, რომლებიც შეძლებენ კანონის რეალურად რეალიზებას. საჭიროა ბიუროს შექმნა, კადრების აყვანა-მომზადება და ა.შ. ეს კანონი, იქნება ეს 2024 წელი, თუ 2025 წელი, ყველა ვარიანტში ამოქმედდება და ის როგორც მინიმუმ 20%-ით გაზრდის ბაზარს.
რაც შეეხება ზარალიანობას, ამ სფეროში ეს ცოტა პოზიტიურად უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ზარალიანობა ნიშნავს, რომ კომპანიები, როგორც პრემიას და შემოსავალს იღებენ, ასევე ხარჯიც აქვთ, ხარჯი არის როცა გაუწევენ დაზარალებულს ანაზღაურებას. ზრდის პროცესი როგორც პრემიის, ასევე ზარალიანობის პარალელურია.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სფერო კომპანიებისთვის მომგებიანი არაა, ისინი უფრო პერსპექტივას უყურებენ, იმიტომ რომ ზღვარზე მუშაობენ, გაიზარდა ფასები, როგორც მედიკამენტების და სერვისების, ასევე მომსახურების და ცხადია, რომ როცა კომპანიები დებენ კონტრაქტებს, მათ ვეღარ ცვლიან ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე და უწევთ ზღვარზე მუშაობა“- აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
მისი თქმით, ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემთხვევაში 2024 წელს ბაზარი 20-20%-ით გაიზრდება და დაზღვევის ეს სახეობა პროდუქტების პრემიის ნაწილში პირველ თუ არა მეორე ადგილს აუცილებლად დაიკავებს და ბაზარს 200-დან 300 მილიონ ლარამდე გაზრდის. თუმცა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამდე კომპანიები ახალი პროდუქტების შექმნას ცდილობდნენ და ტენდენცია ყველა ვარიანტში მზარდი იქნება.
„ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ და ზედამხედველობას ვუწევთ კომპანიის გადამხდელუნარიანობას და ფინანსურ მდგრადობას, ასევე 2023 წელს ჩვენ უკვე გავამკაცრეთ კომპანიების მიმართ მოთხოვნები და ჯარიმებიც გაიზარდა. ასევე ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს და გაზაფხულზე დავასრულებთ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას შემდეგ ხუთ წელზე.
ჩვენ ვაგრძელებთ რეკომენდაციების გაცემას ისეთი მიმართულებით როგორიც არის დიგიტალიზაცია, რაშიც პანდემიამ დიდი როლი შეიტანა, ადამიანები იყენებენ აპლიკაციებს, პროდუქტები იყიდება დისტანციურად და ამ ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ დიგიტალიზაციის მარეგულირებელ ბაზას.“ – აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
რაც შეეხება გაზაფხულის გეგმებს,ონოფრიშვილი აღნიშნავს, რომ სტრატეგიაში 4 ძირითადი მიმართულებაა გამოკვეთილი: ორგანიზაციის ეფექტიანი მართვა და განვთარება; საზედამხედველო საქმიანობის შემდგომი განვითარება; მომხმარებლის უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება; სადაზღვეო ინდუსტრიის განვითარების მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავება.