„ახალი საავადმყოფოს აშენებისა და აღჭურვის ბიუჯეტი არარეალურია“ – თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება

„თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალ, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკას ავაშენებთ“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აშენებისა და აღჭურვის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. კლინიკა 500 საწოლზე იქნება გათვლილი და ის 3-4 წელში დასრულდება. იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ახალი საავადმყოფოს აშენებისა და განსაკუთრებით აღჭურვის ბიუჯეტი არარეალურია, რადგან 500 საწოლიანი კლინიკის აღჭურვისთვის 80 მლნ ლარი იმდენად მცირე ბიუჯეტია, რომ ყველაზე უხარისხო აპარატურის შეძენაც კი ვერ მოხერხდება.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის აშენებისა და აღჭურვის ბიუჯეტი არარეალურია. მთავრობაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 120 მლნ ლარი დაჯდება საავადმყოფოს მშენებლობა და 80 მლნ ლარი აღჭურვას დასჭირდებაო, ეს საუბარია 500-საწოლიან კლინიკაზე, რაც არარეალური რიცხვია. აქვე თანამედროვე აპარატურით აღჭურვაზეა საუბარი, სულ რომ ჩინური და ყველაზე უხარისხო აპარატურა შეიტანონ, ეს თანხა მაინც არ ეყოფა, სასაცილო რიცხვია.
გარდა ამისა, თანამშრომლებმა არაფერი იციან ამის შესახებ, სად უნდა დაასაქმონ ეს კოლექტივი? რა ანაზღაურებას თუ კომპენსაციას გადაუხდიან? ვინ დაასაქმებს მათ? მინდა და მორჩა – ეს დამოკიდებულება როდემდე უნდა გაგრძელდეს.
პროექტიც არ აქვთ, ახლა იწყებენ ამაზე მუშაობას, ან კი პროექტის გარეშე რა იციან რა დაჯდება ეს ყველაფერი, მოკლედ სრული ქაოსია. საერთოდაც, უმჯობესი იყო სადმე სხვა ადგილი გამოეყოთ კლინიკისთვის, იქ აეშენებინათ და ეს ხალხიც შემდეგ გადაეყვანათ. საუბარია იმაზე, რომ 3-4 წელში აშენდებაო, ვერ აშენდება, 10 წელიწადია სამტრედია გრიგოლეთის გზა ვერ გაუკეთებიათ, წერეთელი ვერ დაამთავრეს, რუხის კლინიკა აქამდე ვერ აღჭურვეს…
ეს ძალიან დიდი ტერიტორიაა, არ გამოვრიცხავ რომ ნაწილი შეიძლება გაიყიდოს და ააშენონ საცხოვრებელი სახლებიც“, – ამბობს ვატო სურგულაძე.
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარეობს, მის საკუთრებაშია 7.7 ჰექტარი მიწა და მასზე განთავსებულია 64,168 კვადრატული მეტრის ფართობის ნაგებობებია.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს 2022 წლის ფინანსური ანგარიშისგების მიხედვით, კლინიკამ საანგარიშო პერიოდში 44.687 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რომელიც მოიცავდა 25.6 მილიონი ლარის შემოსავალი სამედიცინო მომსახურების რეალიზაციიდან, 18 მილიონი ლარის სხვა შემოსავალს და 1.2 მილიონი ლარის გადავადებულ შემოსავალს.
2022 წელს კლინიკა ზარალზე გავიდა, რაც 3.4 მლნ ლარს შეადგენდა. რაც შეეხება საავადმყოფოს ხარჯებს, შრომის ანაზღაურებაზე კომპანიამ 21.6 მილიონი ლარი დახარჯა, სამედიცინო საქონლის ხარჯი 14.3 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო კომუნალური ხარჯები კი 2.8 მილიონ ლარს.
2022 წლის მაჩვენებლებით, კლინიკის აქტივები 76 მილიონ ლარს შეადგენს, რაშიც ასევე გათვალისწინებულია რუხის საავადმყოფოს აქტივებიც, რადგან ის იურიდიულად რესპუბლიკური საავადმყოფოს საკუთრებას წარმოადგენს. კომპანიის კაპიტალი 34.8 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებები 41.3 მლნ ლარია.