ჩილეს ექს-პრეზიდენტი, მიშელ ბაჩელეტი: მსოფლიო მზად არის იმისთვის, რომ გაერო-ს სათავეში ქალი ჩაუდგეს
მიშელ ბაჩელეტი პირველი ქალია, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გახდა. ის ასევე ჩილეს პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტია. ბაჩელატი ამაზე შეჩერებას არ აპირებს – მან მიზნად დაისახა, გახდეს პირველი ქალი მსოფლიოში, ვინც გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტს დაიკავებს. მისი მტკიცებით, მსოფლიო ამისთვის „უკვე მზად არის“. 74 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ჩილეს პრეზიდენტის პოსტს ორი ვადით იკავებდა, გაერო-ს უმაღლეს თანამდებობაზე სექტემბერში ჩილეს ამჟამინდელმა მემარცხენე ლიდერმა, გაბრიელ ბორიჩმა წარადგინა. ბაჩელეტი ცდილობს, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მემარჯვენე ხოსე ანტონიო კასტის მხარდაჭერაც მოიპოვოს, რომელსაც ის ორშაბათს, 22 დეკემბერს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ბაჩელეტმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ „მსოფლიო მზადაა“, მართვის სადავეები ხელში ქალმა აიღოს და „ლიდერობის განსხვავებული სტილით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს“.
მისივე თქმით, არჩევის შემთხვევაში, ის „გაერო-ს მოდერნიზებას მოახდენს და შეეცდება, ეს ინსტიტუტი უფრო ქმედითი, ეფექტიანი და გამჭვირვალე გახადოს“. გაერო-ს, რომელსაც წელს დაარსებიდან 80 წელი უსრულდება, სათავეში ქალი არასდროს ჰყოლია. ისტორიას მხოლოდ ერთი ლათინოამერიკელი გენერალური მდივანი ახსოვს – პერუელ დიპლომატს, ხავიერ პერეს დე კუელიარს ეს თანამდებობა 1982-1991 წლებში ეკავა. გენერალური მდივნის პოსტი, ტრადიციულად, მსოფლიოს რეგიონებს შორის როტაციის პრინციპით გადადის და რადგან პორტუგალიელი ანტონიუ გუტერეშის ვადა იწურება, ლათინური ამერიკის რიგი მოდის. ჩილეს პრეზიდენტის პირველი ვადის (2006-2010) დასრულების შემდეგ, ბაჩელეტი იმ დროისთვის ახლად შექმნილი სააგენტოს, „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ (UN Women) პირველი ხელმძღვანელი გახდა.
2014-2018 წლებში მან მეორე ვადით დაიკავა ჩილეს პრეზიდენტის სავარძელი, შემდეგ კი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისრად დაინიშნა. ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე (აშშ-მა კარიბის ზღვაში მრავალრიცხოვანი საზღვაო ძალები განათავსა, ნარკოტიკების კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი ნავები დაბომბა და ნავთობის გადამზიდი ტანკერები დააკავა), ბაჩელეტმა განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი, შესაძლოა, გაერო-ს მედიაცია იყოს. ბრაზილიისა და მექსიკის პრეზიდენტებმა, ლუის ინასიუ ლულამ და სილვამ და კლაუდია შეიბაუმმა, ამ კუთხით დახმარების მზადყოფნა უკვე გამოხატეს. „ეს ყოველთვის არ უნდა იყოს გენერალური ასამბლეა ან უშიშროების საბჭო, სრული შემადგენლობებით. როდესაც კონფლიქტში ჩართული ერთ-ერთი მხარე უშიშროების საბჭოს წევრია და ვეტოს უფლება აქვს, გაერო-ს ტრიბუნა ხშირად არ არის საუკეთესო ადგილი გამოსავლის მოსაძებნად“, – აღნიშნა ბაჩელეტმა.
შეერთებული შტატები გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთია და ვეტოს უფლებას ფლობს. „ვფიქრობ, ასეთი გავლენიანი მედიატორის ჩართვა… შეიძლება გამოსავალი და პრობლემის გადაჭრის გზა იყოს“, – დასძინა ბაჩელეტმა. გაერო-ს უმაღლესი თანამდებობისთვის ბრძოლაში კიდევ სამი ლათინოამერიკელი ქალი მონაწილეობს: კოსტა-რიკელი რებეკა გრინსპანი (გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის გენერალური მდივანი), მექსიკის გარემოს დაცვის მინისტრი, ალისია ბარსენა და ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი, მია მოტლი. კიდევ ერთი კანდიდატია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, არგენტინელი რაფაელ გროსი.
წყარო: 1 არხი




