თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ნია მელქაძემ მიიღო. პატიმრობას ქართული ოცნების პროკურატურა ითხოვდა.
ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს. ქართული ოცნების პროკურატურის ცნობით, მას 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მუხლი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




