ისრაელმა „ჰამასს“ ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა – მედია

ისრაელმა ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, იუწყება „აქსიოსი“ ს ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს 7 ოქტომბერს დაწყებულ ომში ყველაზე ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება, რომლის მიზანიცაა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმისას აყვანილი მძევლების გათავისუფლება, ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ.
„ჰამასის“ ტყვეობაში 140-მდე ტყვე რჩება. შეთავაზებული შეთანხმებით, ჯერ უნდა გაათავისუფლონ ქალები, 60 წელს გადაცილებული კაცები და ჯანმრთელობის კრიტიკულად რთული მდგომარეობის მქონე პირები. შემდეგ უნდა გათავისუფლდნენ ქალი სამხედროები და კაცები. აგრეთვე, ისრაელს უნდა დაუბრუნონ დაღუპულ ტყვეთა ცხედრები.
სანაცვლოდ, ისრაელში ამბობენ, რომ მზად არიან 6000 პალესტინელი პატიმრიდან „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გაათავისუფლონ. კონკრეტულად რამდენ პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებენ, და ვინ იქნებიან ისინი, მოლაპარაკების საკითხი უნდა იყოს.
შეთავაზება, რომელიც მედიის ცნობით, კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების მეშვეობით გაკეთდა, აგრეთვე მოიაზრებს ღაზის სექტორის ძირითადი დასახლებული პუნქტიდან ისრაელის სამხედრო ძალების გაყვანას. „აქსიოსი“ აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას, თუმცა მოიაზრებს ოპერაციის მასშტაბების შემცირებას, რომელსაც 600-ზე მეტი ისრაელელი სამხედრო ემსხვერპლა, მათგან 22 – მხოლოდ გუშინ, 22 იანვარს.
ისრაელმა ოპერაცია 7 ოქტომბერს, ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი.
ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზაში 26 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 5 ათასზე მეტი ბავშვია. ეს ნიშნავს, რომ 7 ოქტომბერს დაწყებულ ოპერაციას ღაზაში ამ დრომდე, დაახლოებით, ყოველი მე-100 ღაზელი ემსხვერპლა.
ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარული და უფლებადაცვითი ორგანიზაციები ღაზაში არსებულ ვითარებას კატასტროფულს უწოდებენ, სადაც ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ საკვებსა და ჯანდაცვის ელემენტარულ სერვისებზე.