უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებზე — 45-ლარიანი, ხოლო ოჯახებზე 300-ლარიანი დახმარების გაცემა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
ასევე, 2026 წლის 1-ელ აპრილამდე მიიღებენ სამედიცინო სერვისებს საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები.
დაფინანსებას სოციალური მომსახურების სააგენტო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გასცემს.
ამასთან, საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული 45 ლარი, მომდევნო თვიდან, არ გაიცემა პირზე, რომელმაც ყოველთვიური შემწეობის – 45 ლარის მიღების უფლება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიპოვა და/ან საქართველოს ტერიტორია დატოვა, ხოლო 300-ლარიანი დაფინანსება მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.
საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის შესაბამის განკარგულებებს ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.




