საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დაჯილდოება მიულოცა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს აქ ხართ ჩვენი არმიის მეთაურები და ლიდერები, 2008 წლის ომის ვეტერანები, საერთაშორისო მისიებში გამოწრთობილი მებრძოლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცავით საქართველო და დღეს, უკვე სამეთაურო პოზიციებიდან, აშენებთ თანამედროვე ქართულ ჯარს. აღსანიშნავია ის ფუნდამენტური შედეგები, რაც სწორედ თქვენი ლიდერობით დადგა. გენერალურ შტაბში დაინერგა მართვის თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი დოქტრინები და კრიზისული სიტუაციების მართვის ეფექტური მექანიზმები. წარმატებით ხორციელდება წვევამდელთა სამხედრო სამსახურის ისტორიული რეფორმა. ახალი, 6 და 8-თვიანი საბრძოლო მომზადების პროგრამები უკვე რეალობაა, რაც ქმნის ძლიერ და პროფესიულ რეზერვს. ჩამოყალიბდა რეკრუტირებისა და გაწვევის ახალი, გამჭვირვალე და ეფექტური სისტემა, რამაც ახალგაზრდებში სამხედრო სამსახურის პრესტიჟი აამაღლა. დღეს ჩვენი იუნკრები იღებენ ევროპული დონის განათლებას, ხოლო უმცროს ოფიცერთა სკოლა და სარეზერვო პროგრამები უზრუნველყოფს ჯარის ინტელექტუალურ მომავალს. საქართველოში მოქმედებს სერჟანტთა განათლების სრულიად ახალი სისტემა, რაც პირდაპირ აისახება თითოეული ჯარისკაცის საბრძოლო სულისკვეთებაზე. თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი. სწორედ ეს გამოცდილება, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმთან ერთად, გაქცევთ საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე და საიმედო გარანტებად. თანამედროვე, ძლიერი ქართული ჯარის მშენებლობა სწორედ მშვიდობის მშენებლობას ნიშნავს. სამშობლოსადმი თქვენი ერთგულება და ღირსეული მსახურება არის საუკეთესო მაგალითი თითოეული მოქალაქისთვის. მადლობას გიხდით სამსახურისთვის, გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოებს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ, რომ 2026 წელი ყოფილიყოს გამარჯვებების, მშვიდობისა და წინსვლის მომტანი თითოეული თქვენგანისა და სრულიად საქართველოსთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




