მხოლოდ კომუნიკაციის გამო ბრალის წაყენება აბსურდია, იქნებ პირიქით ეუბნებოდა, არ გააკეთოთო? – ახალაიას ადვოკატი

“ბევრი ისეთი საქმე მინახავს, სადაც გაყალბებული მტკიცებულებაა ჩადებული, ან დაინტერესებული მოწმის ჩვენებაა, მაგრამ საერთოდ არავითარი მტკიცებულება რომ არ ყოფილიყო, ეს პირველი საქმეა [ჩემთვის]”, – ამის შესახებ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა ტვ პირველთან საუბარში.
მისი თქმით, რომც დადასტურდეს, რომ ბაჩო ახალაიამ დაურეკა 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძეს ან მურთაზ ზოდელავას, მხოლოდ და მხოლოდ ეს ფაქტი არაფერს ამტკიცებს, რადგან გამოძიებას არ გააჩნია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაზე ლაპარაკობდნენ მხარეები.
“იქნებ პირიქით ეუბნებოდა:”მოდი, არ გააკეთო“. შენ ხომ ეს არ იცი?”, – ამბობს ველიჯანაშვილი.
“ამ ეტაპისთვის მტკიცებულებებთან წვდომა ფიზიკურად არ გვაქვს. შესაბამისად, მე შემიძლია შევაფასო მხოლოდ ის განცხადება, რაც იყო გაკეთებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გარკვეული საკითხები ნათელია. ფიზიკურად ვერ უთითებენ ვერანაირ მტკიცებულებაზე. მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ ერთი IP მისამართიდან ხდებოდა დაკავშირება კონკრეტულ პირებთან. ისიც არ არის დადგენილი, კონკრეტულად ამ IP მისამართიდან ვის მიერ ხდებოდა დაკავშირება, მაგრამ მაგას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. იმიტომ, რომ ადამიანებს, ვისზეც ამბობდნენ, რომ შესაძლო კავშირი იყო, არიან მეგობრები, მეზობელია ერთ-ერთი, არის ნათელ-მირონი და შესაბამისად ამათთან საუბარი, ფიზიკურად არ შეიძლება რაიმე მტკიცებულებად შეფასდეს. [სუს-შ] არ იციან ამ საუბრის შინაარსი”.
შესაძლებელია თუ არა, რომ სუს-მა იცოდეს სავარაუდო საუბრების შინაარსი და ამას ჯერ არ ამბობდეს?
“სამართლებრივად რომ ვიმსჯელოთ, შეუძლებელია ვინმემ შინაარსი იცოდეს, რადგან გამოძიება გვიან დაიწყო, საუბრები კი უკვე შემდგარი იყო. შესაბამისად, მიყურადება განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მათ იმედი აქვთ, რომ გუშინ წაღებულ ტელეფონებში რაიმე მიმოწერას ან მტკიცებულებას იპოვიან, მაგრამ შემიძლია ყველა დავამშვიდო – ამოღებულ ტელეფონებში არაფერია.
მათ ექნებათ მტკიცებულება მხოლოდ კავშირის ფაქტის შესახებ, მაგრამ კომუნიკაციის შინაარსზე ფიზიკურად ვერაფერს იპოვიან. რომც ამოიღონ ინფორმაცია, იქ იქნება ჩვეულებრივი მოკითხვები და არანაირი კავშირი დანაშაულთან. ბაჩომ დაკითხვისასაც განაცხადა: ჩამოვიდა საქართველოში, ნახა ოჯახის წევრები და ნათლიები, ჰქონდათ მიმოსვლაც და საუბარიც. ეს მან დაადასტურა, მაგრამ ეს ფაქტები ვერ გახდება იმის მტკიცებულება, რომ ვინმე რაიმეს ორგანიზებას უწევდა”, – აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ საკითხზე, რომელზეც მედიასთან ბაჩო ახალაიას ცოლმაც ისაუბრა, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს ცოტა ხნის წინ სურდა ქვეყნიდან გასვლა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.
“იცით ალბათ, რომ ბაჩო ჩამოვიდა ოჯახის წევრის დაკრძალვის გამო. მერე გარკვეული საკითხებიდან გამომდინარე, ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, მოუწია შეფერხება საქართველოში და შემდგომ ეს 4 ოქტომბერი და მისი დაკითხვა დაემთხვა. ანუ მალევე აპირებდა წასვლას, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თავი შეიკავა იმის გამო, რომ რამე კუდი არ მოჰყოლოდა, რომ აი, სადღაც გარბის ან მიდის. დაელოდა გამოძიებას რამდენიმე თვის განმავლობაში და როგორც ჩემთვის ცნობილია, დეკემბერში, დეკემბრის შუა რიცხვებში, მიმართა… მივიდა, უფრო სწორად, საზღვარზე და ცდილობდა, რომ წასულიყო ისევ სამუშაოდ, სადაც იყო იმ ქვეყანაში. მაგრამ საზღვარზე არ გაატარეს. ამან უკვე გამოიწვია ეჭვები, რომ გარკვეულწილად რაღაცას გეგმავდნენ მის წინააღმდეგ და ეს იყო ანის პოზიციაც, რომ აქედან რაღაც მოლოდინი ჰქონდათ, რომ რაღაცას იგონებდნენ. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ანუ ის რომ რაღაც კონკრეტული კავშირი არის მხოლოდ და ამის გამო შესაძლებელია ბრალი წაეყენებინათ… მე მაგალითად ვერც წარმოვიდგენდი სამართლებრივად. იმიტომ, რომ ბევრი ისეთი საქმე მინახავს, სადაც რაღაც გაყალბებული მტკიცებულებაა, დაინტერესებული მოწმის ჩვენებაა, მაგრამ საერთოდ არაფერი რომ არ ყოფილიყო, ასეთი პირველი შემთხვევა არის…
როდესაც ადამიანს მთავარ ორგანიზატორობას ედავები და არც მოწმის ჩვენება გაქვს, არც საუბრის შინაარსი იცი, ეს აბსურდულია. ჰიპოთეზურად რომც დავუშვათ, რომ ბაჩოსა და იმ პირებს შორის კავშირი ნამდვილად შედგა, შინაარსის ცოდნის გარეშე როგორ შეიძლება მას ორგანიზატორი უწოდო? თუნდაც 4 ოქტომბერს დაერეკა ან SMS მიეწერა „როგორ ხარ?“ – რატომ ფიქრობენ, რომ ეს მაინცდამაინც აქციას უკავშირდებოდა?
რაც არ უნდა დაემთხვეს, ჩვენ ხომ მტკიცებულება გვჭირდება? „მჯერა, რომ ახალაია ამას გააკეთებდა“ – ეს არ არის მტკიცებულება. ავიღოთ ჰიპოთეზურად. მტკიცებულების გარეშე საუბარი იმაზე, რომ ის ორგანიზატორია, არასერიოზულია. იქნებ პირიქით, ეუბნებოდა „არ გააკეთო“? ხომ არ ვიცით, რაზე საუბრობდა? თქვენ, ჟურნალისტებსაც, შესაძლოა გქონდეთ დარეკილი პაატა ბურჭულაძესთან ან სხვებთან, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა დაგიჭიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც მოვლენის წინ დარეკეთ?”, – აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ახალაიას სახლიდან წაღებულია ტექნიკა: პლანშეტი, ლეპტოპი და სხვა.
“დარწმუნებული ვარ, ეს ძიებას ვერაფერში დაეხმარება, რადგან შიგნით საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის. რაც შეეხება ანის საჯარო განცხადებებს, ეს მისი პოზიციაა და სულ ეს არის. სამართლებრივად რომ შევაფასოთ – არც განჩინება ჰქონდათ, არც ოქმი შეუდგენიათ და არც რაიმე დაუტოვებიათ; უბრალოდ მოვიდნენ და წაიღეს”, – აცხადებს ადვოკატი.
ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია, რომელმაც “ქართული ოცნების” პირობებში 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, კვლავ დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყება მას 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
რაზე დაყრდნობით? – სუს-ის ბრიფინგის თანახმად, დადგენილია ის, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის პროცესების ორგანიზატორებად მიიჩნევს: ს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა ბურჭულაძეს.
მათ შორის სუს-ში აცხადებენ, რომ ეს კონტაქტი ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა იმ მომენტებში, როდესაც მომიტინგეებს სცენიდან გააცნეს პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებული გეგმა, ასევე- სასახლესთან მიმდინარე პროცესების დროსაც.
რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამ კავშირების შინაარსის შესახებ დღეს არაფერი უთქვამს.
როგორც ირკვევა, სუს-მა ასევე დააკავა ახალიას ცოლი ანი ნადარეიშვილიც, თუმცა გაათავისუფლეს და მის მიმართ სამართლებრივ დევნას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ აპირებენ.
ბაჩო ახალიამ, სუს-ის თანახმად, ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
ვინ არის ბაჩო ახალაია?
ბაჩო ახალაია არის ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი და ექს-პოლიტიკოსი, რომელიც ს მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ამასთანავე წინააღმდეგობრივ ფიგურად ითვლებოდა.
ახალაიას კარიერული წინსვლა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად მუშაობდა ომბუდსმენის აპარატში. სახალხო დამცველის მოადგილე იყო. ამის შემდეგ ხდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე (2005-2008). მისი სახელი უკავშირდება ციხეებში „კანონიერი ქურდების“ გავლენასთან ბრძოლას და მკაცრი რეჟიმის დამყარებას. თუმცა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ბრალდებები პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე. ამის შემდეგ ის ინიშნება თავდაცვის მინისტრად (2009-2012). ამ პოზიციაზე მან სამი წელი დაჰყო. 2012 წელს ხდება შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ პოსტზე სულ რამდენიმე თვე იმუშავა. იგი გადადგა 2012 წლის სექტემბერში, ე.წ. „ციხის კადრების“ სკანდალის შემდეგ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.
ოპოზიცია და უფლებადამცველი ორგანიზაციები ახალაიას ხშირად ადანაშაულებდნენ ძალის გადამეტებაში, წამებასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში. ის აღიქმებოდა სააკაშვილის გუნდის „ძალოვანი“ ფრთის ერთ-ერთ ლიდერად.
2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა (იგი მცირე ხნით ქვეყნიდან იყო გასული), რის შემდეგაც დააკავეს. მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ახალაიას რამდენიმე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და საბოლოო ჯამში მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან სასჯელი სრულად მოიხადა.
2022 წლის მარტში ბაჩო ახალაიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ბაჩო ახალაიას სახელი აქტუალური რამდენიმე თვის წინ გახდა, როდესაც 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ კვლავ დაიბარეს გამოკითხვაზე სოცქსელებში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის ავთენტურობაც ახალიამ უარყო და თქვა, რომ ის 100 პროცენტით ყალბი იყო.