ვიქტორ ყიფიანი ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე:
“მიეცით ხალხს პური და სანახაობა “ -ამბობდა ძველ რომში იმპერატორი გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი.
პრემიერი კობახიძის მიერ საქართველოში სურსათის ფასებზე გაკეთებულმა განცხადებამ, შესაბამისი დაპირების თანხლებით, უნებლიედ, ძველი რომის იმპერატორის განცხადება გამახსენა.
მართალია ჩვენი დრო და ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა, „მასების“ განწყობათა არაერთი ძველად აპრობირებული ხერხი დღესაც უცვლელი რჩება.
საქმე ისაა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის მმართველი პარტიის წიაღში და მასთან ახლო მყოფ ინტერესთა ჯგუფებში, ერთგვარი „გადაფარვა“, ყურადღების გადასატანად „მანევრი“ დაჭირდა.
ხელისუფლებისათვის ასეთი მანევრი მით უფრო საჭიროა, რადგან ბოლო რამდენიმე წლის შიდა და საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები საზიანო გახდა არა მხოლოდ ქვეყნისათვის, არამედ მათთვისაც. შედეგად, ის რასაც ჩვენ დღეს „მმართველ პარტიას“ ვუწოდებთ, საკუთარი თავი ჯერ „ცალმხრივი მეგრობრობის“, ხოლო ახლა უკვე თვითდაზიანების ღია რეჟიმში გადაიყვანა.
ამდენად, აუცილებელი გახდა მორიგ ჯერზე ყურადღების გადატანა, ერთგვარი „პური“, რითაც ხელისუფლება საშუალო სტატისტიკურ ქართველს, ასევე ხელისუფლების ამომრჩევლისათვის ამ უსიამოვნო „სანახაობას,“ დაპირებულით „დააპურებს“. ისიც, ცხადია „დააპურებს“ მხოლოდ მოლოდინების დონეზე, „სანახაობრივი“ ტრიუკის მეშვეობითა და თანხლებით.
ამით შემოთავაზებული „პოლიტიკის“ არასერიოზულობა სრულდება, მაგრამ გრძელდება (არა იწყება!) მისი ახალი, ამჯერად, სახიფათო ფაზა.
ხიფათი კი იმაშია, რომ ინსტიტუციური პოლიტიკის სრული აშლილობის ფონზე, „მმართველი პარტია“ ახლა უკვე ქვეყნის საქმიანი წრეებისათვის ყველაზე მგრძნობიარე და დელიკატურ ფაქტურას, ბიზნესის საკეთებლად აუცილებელი, სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის შემორჩენილ ხიმინჯებს აცლის.
განცხადება ჯერ მხოლოდ ერთ სფეროს, კონკრეტულ ინდუსტრიას ეხება. თუმცა მისი საგანგაშო გზავნილი ყველა სხვა ბიზნესს თანაბრად ეხება, ხოლო მოსალოდნელი მავნე შედეგი კი მასშტაბური ჩანს.
ქვეყანაში, სადაც ნორმალური ბიზნესისათვის არასდროს სათანადო პირობები არ არსებობდა და არ არსებობს, სადაც ქართველ ბიზნესმენს სახელმწიფოს სახით არასდროს ნამდვილი ქომაგი არ ჰყოლია და არ ჰყავს, სადაც საქმეში ინვესტირება ფარული „ნებართვის“ გარეშე წარმოუდგენელი იყო და არის..
ასეთ ქვეყანაში, ახლა მთავარი შეკითხვა ქართული ბიზნესის გასაგონადაა: ეს გაწყობთ? ასე გაკმაყოფილებთ? როდემდე თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასათვის ეს საზიანო მდუმარება?




