სანქცირებული მოსამართლის ნდობა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას – ვითხოვთ, მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილებას,- ეს განცხადება ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ სასამართლო სხდომაზე გააკეთა, სადაც საპროტესტო აქციის დროს ტროტუარზე დგომის გამო, 24 წლის ანი ახმეტელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მალხაზ პატარაია ანი ახმეტელის ინტერესებს იცავს. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა იხილავს.
როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ზვიად ცეკვავა არის იმ პირთა შორის რომელთა მიმართებითაც ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ესტონეთმა შეზღუდვა დააწესა. მალხაზ პატარაიას თქმით, „სანქცირებული მოსამართლის ნდობა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას“, შესაბამისად უნდა მოხდეს პროცესიდან მისი აცილება.
გარდა ამისა, ადვოკატმა საქმის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემის შუამდგომლობაც დააყენა. კერძოდ, მისი თქმით, საქმე საკონსტიტუციოს უნდა გადაეცეს მისი შეჩერების მოთხოვნით, რადგანაც ადგილი აქვს მნიშვნელოვან სამართალდარღვევას.
სასამართლო პროცესზე შსს-ს თეონა დემურხანაშვილი და თინათინ კაჭკაჭიშვილი წარმოადგენენ, რომლებმაც დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე, არ გაიზიარეს.
„თქვენ არაერთი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეთ არაერთ სასამართლო პროცესზე, შესაბამისად, შუამდგომლობას ვერ დავაკმაყოფილებთ. კონკრეტული ქვეყანა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ვერ იქნება რომელიმე მოსამართლის აცილების საფუძველი“,- განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა თინათინ კაჭკაჭიშვილმა.
რაც შეეხება, თავად მოსამართლის პოზიციას, მან მისი აცილების შესახებ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ზვიად ცეკვავას თქმით, რომელიმე ევროპული ქვეყნის მიერ მისი სანქცირება საქმიდან მისი აცილების საფუძველი ვერ გახდება.
„თქვენ მიერ დაყენებული შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე უსაფუძვლოა, შესაბამისად, უარი გეთქმებათ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე“,- განაცხადა ზვიად ცეკვავამ.
მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემის თაობაზე.
ზვიად ცეკვავამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომელიც ანი ახმეტელის დის ჯანმრთელობას ეხებოდა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, ანი ახმეტელს ჰყავს არასრულწლოვანი და, შშმ პირი, რომელზეც ანი ახმეტელი ზრუნავს. ადვოკატმა ამის თაობაზე შესაბამისი სამედიცინო ცნობაც წარმოადგინა, რომელიც სასამართლომ საქმეს დაურთო.




