– 48 წელია საქართველოს სულიერი მამა პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს – ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს

48 წელია საქართველოს სულიერი მამა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს – ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორისადმი მიძღვნილ მილოცვაში წერს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.
„48 წელია საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს.
შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, თითქმის ნახევარი საუკუნეა ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს.
ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.