25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ღაზის სექტორში ომის დასრულების შემდეგ, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად მორწმუნეთა სიმრავლე იყო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ბეთლემშიც, სადაც სახარების თანახმად, იესო ქრისტე დაიბადა. 2023 წლიდან, როცა ისრაელზე ჰამასის თავდასხმას ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა, ბეთლემში უსაფრთხოების მოტივით აღარ ტარდებოდა დიდი საშობაო ზეიმი.
ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში თავისი პირველი საშობაო ღვთისმსახურება ჩაატარა რომის პაპმა ლეონ XIV-მ.
შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს უკრაინაც. გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღეს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ(არა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფმა) და საერო ხელისუფლებამ.
მანამდე უკრაინა კიდევ რამდენიმე მართლმადიდებელი ქვეყნის მსგავსად შობას 7 იანვარს ზეიმობდა.
შობის ღამით უკრაინაში ისევ საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსული დრონებით მორიგი შეტევის გამო.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია შობის დადგომას ფლორიდაში, რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში შეხვდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ტრადიციულად პასუხობდნენ ბავშვების სატელეფონო ზარებს შეკითხვებით, სად იმყოფება სანტა კლაუსი.
ტრადიციის თანახმად სანტა კლაუსის გადაადგილებას აკვირდება ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა, რომელიც ინფორმაციას პრეზიდენტს აწვდის, პრეზიდენტი კი ბავშვებს გადასცემს.
ტრამპმა ერთ-ერთ ბავშვს უთხრა, რომ სანამ სანტას აშშ-ში შემოუშვებდნენ, შეამოწმეს და დაადგინეს, რომ კარგი სანტა კლაუსია.
ფორუმი




