ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აცხადებს, რომ მისთვის მინიჭებული მანდატის შესაბამისად და მის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით, ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას.
„აღნიშნული არხის საშუალებით მისია კვლავ რჩება ჩართული პროცესში, რათა თავისი შესაძლებლობებისა და მანდატის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ საქმის დროულ გადაწყვეტას“, – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „ჯაშუშობის“ ბრალდებით 22 დეკემბერს დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური მას „საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებული“ უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემას ედავება.




