სუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს პატიმრობა შეუფარდეს – ის სხდომას არ დასწრებია

გადაწყვეტილება დღეს, 24 დეკემბერს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა.
ლილუაშვილი სასამართლო სხდომას არ დასწრებია. მისმა ადვოკატმა რობერტ გრიგალალშვილმა წაიკითხა ლილუაშვილის წერილი, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი წერს:
„მიმაჩნია, რომ 24 საათში ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ სასამართლოს პატივისცემას, მაგრამ სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას“.
სხდომა 20:40 საათზე დასრულდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 16 თებერვალს დაინიშნა.
ამასთან, სასამართლო პროცესი დაიხურა.
სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა დააყენა, რასაც ადვოკატი შეეწინააღმდეგა:
„ჩვენ ვართ ცოტა სხვა მოცემულობაში… ბრალდების მხარე ითხოვს სხდომის დახურვას იმ მოტივით, რომ არსებობენ მოწმეები, რომელთა ვინაობის გამხელაც არ სურთ… გუშინდელ ბრიფინგზე დასახელდა საქმეები და წრე. ამიტომ ამ საბაბითა არ მიმაჩნია სხდომის დახურვა მიზანშეწონილი“.
პასუხად პროკურორმა ბერძენიშვილმა თქვა: „ქოლ-ცენტრების ნაწილში გამოკითხული არიან ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან და არ დასახელებულან გენერალური პროკურორის ბრიფინგზე“.
მოსამართლემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბრალდება და გამოძიების ვერსია
ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გენერალურმა პროკურორმა 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ჩამოთვლა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, რაშიც გრიგოლ ლილუაშვილის ედება ბრალი. ესენია:
ქარის ელექტროსადგურის საქმე
2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი დოლარი.
ქრთამი აიღო იმის სანაცვლოდ, რომ ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.
გაზიფიკაციის ტენდერი
2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის” დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1 მლნ 500 ათასი ლარი.
ქოლ-ცენტრების საქმე
ეს ბრალი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 დოლარი მიიღო”, – განაცხადა გვარაკიძემ.
გენერალური პროკურორის თანახმად, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, “გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ”.
ბაგა-ბაღების საქმე
“გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს” იღებდა.
ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები“.
„ეტყობა, რაღაც დეტალები აინტერესებთ რაღაც საქმეზე, მართლა არ ვიცი რა საქმეა… ჩვენება არ მიმიცია არასოდეს, პირველად ვარ“, – განაცხადა ლილუაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ დააკავონ, ლილუაშვილმა თქვა, რომ „ღვთის ნებაა ყველაფერი. ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ“.
გარემოცვის დაკავება
სუსის ხელმძღვანელის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა. თავდაპირველად ითქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად ნიშნავდნენ, 4 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.
მოგვიანებით დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრები და მისი ნათესავები:

· ბიჭიკო პაიკიძე, რომლის შვილის ნათლიაცაა გრიგოლ ლილუაშვილი. ბიზნესმენი ვანის 2017 და 2021 წლების მოწვევის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა; ბიჭიკო პაიკიძემ წლების წინ, 2016 წელს, „ქართულ ოცნებას“ 12 000 ლარი შესწირა.
· კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;
· ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში.

ასევე დაგაინტერესებთ