ვინ არის ქართველი, რომელმაც ამერიკული ახალი წელი შეცვალა

ახალი წლის დღეებში, ისედაც დატვირთული ნიუ‑იორკის ქუჩები კიდევ უფრო ხმაურიანი ხდება. ყოველწლიურად, დეკემბრის დასაწყისში, 750 000-მდე ადამიანი მანჰეტენზე, როკფელერის ცენტრში საშობაო ნაძვის ხის ანთებას ელოდება. შემდეგ კი ქალაქებსა და ქუჩებში დარიჩინისა და ცხელი კაკაოს სურნელი ტრიალებს.
თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ საშობაო ზღაპრების ფურცლებზე გამოგონებული წარმოსახვა ყოფილიყო, რომ არა ადამიანი, რომელმაც ახალი წელი ნამდვილ დღესასწაულად აქცია და შექმნა პირველი მინის სათამაშო.
ეს იყო ამერიკაში მოღვაწე, პირველი ქართველი მეწარმე ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ (გიგა) , რომელმაც პროფესიული განვითარებისა და საკუთარი ხედვის რეალიზაციის მიზნით, მოღვაწეობის წლები ემიგრაციაში გაატარა. ჯერ იყო , შემდეგ გერმანია, ბოლოს კი ამერიკის შეერთებულ შტატები, სადაც ინოვაციური იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით ამერიკის საწარმოო ბაზარზე უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა.
მის ანგარიშზე 100-მდე პატენტის შექმნაა. თუმცა მისი ინოვაციური ხედვა მხოლოდ სამრეწველო და სამედიცინო პროდუქტებს არ შეეხებოდა. კერძოდ, მაშინ როდესაც, ჯორჯ კობის გასაბჭოებულ სამშობლოში ნაძვის ხის სახლში მიტანაც კი იკრძალებოდა, ოკეანის იქეთ, ახალგაზრდა გამომგონებელი ნაძვის ხის მოსართავად მინის სათამაშოებს ექსკლუზიურად ქმნიდა.
ამერიკელებისთვის დამზადებულ მინის სათამაშოებზე თავდაპირველად გამოსახული იყო მზე, ფოთლები და ფიფქები. გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანზე დატანილი იყო ქართული ვაზის მტევნები. რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებდა იმას, რომ ჯორ კობს არასდროს დავიწყებია საქართველო.
ნამუშევრებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მინაზე გამოსახული შვლის ნუკრი. კომპოზიცია, რომელიც ჯორჯ კობიმ დიდი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის, ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მოტივებზე შექმნა. ეს სათამაშო მხოლოდ დეკორაცია არ ყოფილა. ის უცხოელებს ქართულ ლიტერატურას, ბუნებას და თავად ვაჟ-ფშაველას აცნობდა. ამბობენ, რომ სწორედ ამ ნამუშევარმა შთააგონა წლების შემდეგ უოლტ დისნეი, შეექმნა ყველასთვის საყვარელი ანიმაციური გმირი „ბემბი“.
იდეების დაბადება ჯორ კობისთვის შემთხვევითი არასდროს ყოფილა. ის აკვირდებოდა ყველაფერს, მათ შორის ადამიანებს, გარემოს, ტრადიციებს. სწორედ ასეთი დაკვირვებისას, გერმანიაში აღმოაჩინა, რომ ევროპელები, ნაძვის ხეს ნამდვილი სანთლებით რთავდნენ. რაც ხშირად ხანძრის მიზეზიც კი ხდებოდა.
ამ დაკვირვებამ კობის გონებაში კიდევ ერთი გენიალური იდეა გაუჩინა. კერძოდ, მინის სათამაშოების პარალელურად, შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Bubbel Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. სწორედ ამ გამოგონებამ აქცია ახალი წელი არა მხოლოდ ესთეტიკურად მომხიბვლელ, არამედ უსაფრთხო და მშვიდ დღესასწაულადაც.
ჯორჯ კობის მიერ შექმნილმა Bubbel Lamps-მა მალევე დაიმკვიდრა ადგილი ამერიკულ სახლებში, ვიტრინებსა და ქალაქის მთავარ მოედნებზე. ელექტროსანთლები, რომლებიც სინათლესთან ერთად მოძრაობის ილუზიას ქმნიდა, სწრაფად იქცა ახალი წლის განუყოფელ ატრიბუტად. ინოვაცია, რომელიც ერთი დაკვირვებით დაიბადა, დღეს უკვე საშობაო დეკორის ნამდვილ კლასიკად ითვლება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება.
ჯორჯ კობი მინის სათამაშოებს „ორნამენტებს“ უწოდებდა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა არა მხოლოდ ფორმასა და ნახატს, არამედ იმასაც, თუ როგორ ხვდებოდა ეს ნივთი ადამიანების ხელში.
კერძოდ, ნამუშევრები სპეციალურად დამზადებულ შინდისფერ ყუთებში თავსდებოდა, თითოეულში 12 ან 24 ცალი სათამაშო იყო ჩაწყობილი. შეფუთვა მინიმალისტური, მაგრამ ელეგანტური იყო. ზუსტად ისეთი, როგორიც თავად კობის ხედვა: სადა ფორმა, შინაარსზე გაკეთებული აქცენტი და ხარისხის შეგრძნება პირველივე შეხედვით. ხოლო რაც შეეხება წარწერას, ასახავდა ზუსტად იმ რეალობას, რაც კობით ამერიკაში შეიტანა. “Christmas is Coby” („კობი – შობაა“).
ჯორჯ კობის ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დიდი ცვლილებები ხშირად ერთი ადამიანის დაკვირვებით, გამბედაობითა და შრომით იწყება.
პირველი ქართველი ანტრეპრენერი, რომელმაც გზა უკრაინიდან და გერმანიიდან ამერიკამდე გაიარა, არა მხოლოდ ინოვატორი და გამომგონებელი იყო, არამედ კულტურათა შორის ხიდის შემქმნელიც. მის მინის „ორნამენტებში“ ტექნიკური სიზუსტე და ემოცია თანაბრად იკვეთებოდა სწორედ ამიტომ იქცა ამერიკელებისთვის ისინი უბრალო დეკორაციიდან დღესასწაულის სიმბოლოდ.