„ძლიერი საქართველო – ლელო“ ქედაში, სოფელ ცხმორისში, უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთის დაწვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ქედაში, სოფელ ცხმორისში, ისტორიული, უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა. ინფორმაციას „ძლიერი საქართველო – ლელოს” ავრცელებს.
მათივე ცნობით, კოალიციის წევრები, მათ შორის, ქედის საკრებულოს დეპუტატი ჯამბულ შარაბიძე, ადგილზე იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ.
„შესაბამისმა ორგანოებმა საქმე დროულად უნდა გამოიძიონ და ხანძრის გამომწვევი მიზეზები მოკლე დროში უნდა დაადგინონ. რაც შეეხება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს – ის ვალდებულია მსგავსი ობიექტებზე ზედამხედველობაზე რეალური პასუხისმგებლობა აიღოს და ტექნიკური უსაფრთხოება უზრუნველყოს. მთიან აჭარაში, წელს ეს უკვე მეორე ისტორიული მეჩეთია, რომელიც ხანძარს შეეწირა“, – განაცხადა ჯამბულ შარაბიძემ.
„ისტორიული წყაროების მიხედვით, ცხმორისის მეჩეთი 1892-1893 წლებში აშენდა. რაც შეეხება ხულოში სოფელ საციხურის მეჩეთს – ის მიმდინარე წლის მარტში დაიწვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.