საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდაში სუპერმარკეტების მარჟები მხოლოდ პრობლემის ერთი მცირე ნაწილია, ძირითადი ნაწილი კი მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მოდის – როგორ შეიძლება პროდუქტების მაღალი ფასები მხოლოდ საცალო ქსელურ მარკეტებს დააბრალო და თავად „ხელები დაიბანო“, როცა არაფერს აკეთებ,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
შარაშიძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვა „მორიგი პროპაგანდისტული სვლაა“.
„ფერარის“ ცენტრის გახსნიდან რამდენიმე დღეში „ოცნებამ“, კობახიძის პირით, აქაოდა როგორ გვაწუხებს ფასების ზრდა პროდუქტებზეო, ყველაფერი ბიზნესს გადააბრალა, თითქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა და მძიმე სოციალური ვითარება (თუ არ ჩავთვლით „ოცნებასთან“ დაახლოებულ ოჯახებს, ვისთვისაც გაიხსნა „ფერარის“ ცენტრი და არა მხოლოდ), მათივე უშუალო პასუხისმგებლობა არ იყოს.
რა თქმა უნდა, ეს მორიგი პროპაგანდისტული სვლაა, რაც გაზრდილი ფასების გამო ხალხისგან „ოცნებისკენ „სამართლიანად მიმართული უკმაყოფილების სხვა მიმართულებით გადატანას და პასუხისმგებლობისგან გაქცევას ემსახურება.
რაც შეეხება სუპერმარკეტებს, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდაში მათი მარჟები მხოლოდ პრობლემის ერთი მცირე ნაწილია, ძირითადი ნაწილი კი მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მოდის.
გაეცანით 2024 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს ორი ყველაზე მსხვილი ქსელის მაგალითზე:
„ორი ნაბიჯი“ – მოგების მარჟა: 6.1%
მოგება: 68.2 მილიონი ლარი.
„ნიკორა“ – მოგების მარჟა: 2.93%
მოგება: 34.3 მილიონი ლარი.
ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ „ნიკორას“ ორჯერ ნაკლები (ევროპულთან მიახლოებული) მოგების მარჟა და ორჯერ ნაკლები სუფთა მოგება აქვს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა „ნიკორაში“ შესული მომხმარებელი ფასების მნიშვნელოვან სხვაობას გრძნობდეს იგივე „ორ ნაბიჯთან“ შედარებით.
შესაბამისად, სუპერმარკეტების მიერ დაწესებული მოგების მარჟა, რაც კობახიძემ პროდუქტებზე ფასების ზრდის ერთ–ერთ მთავარ ფაქტორად დაასახელა და გადაწყვიტა, სახელმწიფოს უხეში ჩარევით აიძულოს კერძო ბიზნესი, საკუთარ ბიზნეს მოდელს გადახედოს, ვერ ჩაითვლება ერთადერთ მიზეზად და მთავარი მიზეზი სწორედ ოცნებისვე არასწორ და უსამართლო სოციალურ–ეკონომიკურ პოლიტიკაშია.
როგორ შეიძლება პროდუქტებზე ფასების ზრდა მხოლოდ ქსელურ სუპერმარკეტებს დააბრალო, მათ შორის არსებულ შესაძლო კარტერულ გარიგებაზე ისაუბრო და არაფერი თქვა გაცილებით მნიშვნელოვან სფეროებზე, როგორიცაა ოლიგოპოლია საბანკო სექტორში და კარტერული შეთანხმება მსხვილ იმპორტიორებს შორის (სურსათი, ნავთობპროდუქტები და ა.შ.).
როგორ შეიძლება პროდუქტების მაღალი ფასები მხოლოდ საცალო ქსელურ მარკეტებს დააბრალო და თავად „ხელები დაიბანო“, როცა არაფერს აკეთებ:
– იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად;
– ადგილობრივი წარმოებისა და ფერმერული მეურნეობების გასავითარებლად;
– ინფლაციის შესამცირებლად (11% საკვებ პროდუქტებზე);
– ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დღგ–ს გადასახადის შესამცირებლად;
P.S. ახალი წლიდან „ოცნება“ ელექტროენერგიასაც გიძვირებთ. „ფერარის“ ცენტრი კი აგრძელებს ახალ მოდელებზე შეკვეთების მიღებას…“,- წერს შარაშიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ“. ამასთან, ის ინიციატივით გამოდის, რომ საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნას.




