გიორგი კანდელაკი გაათავისუფლეს

ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი, რომელსაც ბრალად ცნობილი ბრენდების ალკოჰოლური სასმელების გაყალბება ედება. წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
“გიორგი კანდელაკი თავისუფალია და შვილებთან ერთად შეხვდება ახალ წელს”, – დაწერა “ქართული ოცნების” აქტიურმა მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ FB-ზე.
სხვადასხვა მედიასაშუალებები კანდელაკის ადვოკატზე, გაგი მოსიაშვილზე დაყრდნობით წერენ, რომ კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების ფორმა პატიმრობა, 200 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.
ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და კიდევ 6 პირს ბრალი სექტემბერში წარუდგინეს და დააკავეს. კანდელაკი ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურა მათ “ორგანიზებულ ჯგუფად” მოიხსენიებს და “განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებასა და შენახვას, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოებას” ედავება.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებს ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს.
2025 წლის 16 სექტემბერს, ბრალდებულები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე აქციზური მარკის გარეშე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 75 000-მდე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულთაგან ერთი, ბორის გოგიჩაიშვილი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
გიორგი კანდელაკი