სამეცნიერო ახსნა თუ რატომ იწელება იანვარი უსასრულოდ – New Statesman
როზ ჩასტის The New Yorker-ში გამოქვეყნებული ვირუსული ილუსტრაციაც იმას ასახავს, რაც გულში ყველამ ვიცით – იანვარი წლის ყველაზე გრძელი თვეა.
ერთი შეხედვით, ამ შეგრძნებას საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. წელიწადში რამდენიმე თვეა ოცდათერთმეტით და თუ მაინცდამაინც რომელიმე თვე უნდა ვაქილიკოთ სიგრძის გამო, ეს თებერვალი უნდა იყოს. ნაკიანი წელიწადი საერთოდ რას ნიშნავს?!
თუმცა, დროის აღქმა ეშმაკური კონცეფციაა. უილიამ სკაილარკი, მკვლევარი, რომელიც ამ საკითხზე კემბრიჯის უნივერსიტეტში მუშაობს, ამბობს, რომ დროის ხანგრძლივობის განსაზღვრისთვის მისი მენტალური აღქმა საკმაოდ სუსტი საზომია.
დროს ყველა სხვადასხვანაირად აღვიქვამთ და ამაზე სხვადასხვა ფაქტორს აქვს გავლენა.
როგორც ირკვევა, სტიმულატორები, მაგალითად ყავა, აჩენს შეგრძნებას, რომ დრო სწრაფად გადის. კვლევები აჩვენებს, რომ მონაწილეები, რომლებსაც საშინელებათა ფილმის ნახვის შემდეგ ჰკითხეს, როგორ აღიქვეს დრო, ამბობენ, რომ დრო გაიწელა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შიში დროს ანელებს, რაც ექსპერიმენტის მიხედვით, შინაგანი საათის სისტემის სიჩქარეზე აღგზნების გავლენაა.
შინაგანი საათის სისტემით ვსაზღვრავთ წამებს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის თავის ტვინის ზოლიან სხეულშია განლაგებული. თუმცა, მკვლევრები ასევე იკვლევენ ტვინის სხვა ნაწილში, მაგალითად ჰიპოკამპუსში, ხომ არ არის საათის პარალელური სისტემები.
რა თქმა უნდა, იანვარს ის გამოარჩევს, რომ წლის ყველაზე დატვირთული თვის შემდეგ მოდის. დეკემბერშიც 31 დღეა, მაგრამ დეკემბერი სხვადასხვა ღონისძიების კორიანტელია, რომლებსაც მოუთმენლად ველოდებით.
UCL-ის დოქტორანტი სტუდენტი ჭენგუანგ ცაი, რომელიც დროის აღქმაზე მუშაობს, ამბობს: შესაძლებელია, რომ საშობაო დასვენების შემდეგ მუშაობის განახლება, გართობასთან შედარებით, მოწყენას იწვევდეს, რამაც თავის მხრივ, შეიძლება, შექმნას განცდა, რომ იანვარში დრო ნელდება.
მთელი იანვარი ვმუშაობთ. საბოლოოდ, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ იანვარი ასე ნელა გადის. როგორც ჩანს, გართობა ყველაზე ცხადი მაჩვენებელია, როგორ აღვიქვამთ დროის სვლას – სწრაფად თუ ნელა.
ეს ფენომენი ყველაზე კარგად დოპამინის საათის ჰიპოთეზით აიხსნება, რომლის მიხედვით დოპამინის, მოტივაციასთან დაკავშირებული ნეიროტრანსმიტერის მომატებული დონე ადამიანის შინაგან საათს აჩქარებს და აჩენს შეგრძნებას, რომ დრო სწრაფად გადის. თაგვებზე ჩატარებული კვლევები დიდწილად ამას ადასტურებს. თუმცა, იქმნება სირთულეები, როცა ტვინის სხვადასხვა მიდამოზე ხდება დაკვირვება. საკითხთან დაკავშირებით აღმოსაჩენი კიდევ ბევრია.
2010 წელს ჩატარებული კვლევის დროს უნივერსიტეტის 37 სტუდენტს დაავალეს ტექსტში გაეხაზათ ყველა სიტყვა, რომელშიც ასო გაორმაგებული იყო. (მაგ. happy) სტუდენტების ერთმა ჯგუფმა დავალებაზე 20 წუთი დახარჯა, მეორემ – 5. ორივე ჯგუფს უთხრეს, რომ დავალების შესრულებისთვის 10 წუთი დასჭირდათ.
შემდეგ სტუდენტებს სთხოვეს, დრო რეტროსპექტულად შეეფასებინათ. სწორედ ასე ვაფასებთ დროს, როცა ვამბობთ, რომ იანვარი განსაკუთრებულად გრძელია. ვიხსენებთ მოვლენას ან დროის პერიოდს და შემდეგ ვაფასებთ, რამდენად გრძლად მოგვეჩვენა. ამ დროის პერიოდში დროს ისე არ ვითვლით, როგორც მაგალითად პიანინოზე დაკვრის დროს რიტმს დავითვლიდით. შესაბამისად დროის ასე შეფასება დიდწილად დამოკიდებულია არა ჩვენს შინაგან საათზე, არამედ ჩვენს მოგონებებზე.
კვლევის მონაწილეები, რომლებმაც დავალებაზე 5 წუთი დახარჯეს და მკვლევრებმა უთხრეს, რომ 10 წუთი დასჭირდათ, გრძნობდნენ, რომ დრომ ძალიან სწრაფად ჩაიარა და დავალება უფრო მეტად მოეწონათ. ისინი, ვინც დავალებაზე 20 წუთი დახარჯა და უთხრეს, რომ მხოლოდ 10 წუთი დასჭირდათ, მიიჩნევდნენ, რომ დავალება მოსაწყენი იყო და დრო გაიწელა.
არცერთ ჯგუფს შეჰპარვია ეჭვი მეცნიერების სიტყვებში. ჩვენი უნარი, განვსაზღვროთ, რამდენ ხანს გრძელდება მოვლენა, საკმაოდ სუსტია. ჩვენს წარმოდგენაში, რაც უფრო მეტი დრო სჭირდება რაღაცას, მით ნაკლებად სახალისოა ის და მეტს ვწუწუნებთ. ეს არის საბოლოო პასუხი, რატომ წერს ყველა, როგორ დიდხანს გრძელდება იანვარი.
ჩვენს აღქმას ხელს დღის სინათლის სიმცირეც უწყობს. UCL-ის პროფესორი დავიდ ვიტმორი აღნიშნავს: “მართალია, დღე ცოტათი დაგრძელდა, მაგრამ მაინც ისეთი წარმოდგენა არსებობს, რომ დღეები ჯერ კიდევ მოკლდება. ეს აჩენს შეგრძნებას, რომ დღე მალე სრულდება და გვგონია, რომ იმაზე გვიანია, ვიდრე სინამდვილეში.”
1992 წელს პროფესორმა დენ ზაკაიმ ივარაუდა, რომ დრო უფრო ხანგრძლივი გვეჩვენება ისეთ მდგომარეობებში, როდესაც ინტერვალი გაურკვეველია, ანუ არ ვიცით, როდის დასრულდება რაღაც. წარმოიდგინეთ, რომ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე საცობში ხართ გაჭედილი.
შესაძლოა, იანვარში დროის შეგრძნება გამძაფრებული იმიტომ გვაქვს, რომ ვცდილობთ, სავარჯიშო დარბაზში უფრო ხშირად მივიდეთ, ან იმიტომ, რომ ყოველ დღეს ოფისში ვატარებთ. სხვა თვეებისგან განსხვავებით, არაფერს ველით, დღესასწაულები ამოიწურა და ზაფხულამდე თვეებია დარჩენილი.
და რადგანაც ყველანი ვაღიარებთ, რომ იანვარი გრძელია, ის კიდევ უფრო გრძელი გვეჩვენება, რადგან დროს უფრო მძაფრად აღვიქვამთ. იმას თუ როგორ აღვიქვამთ დროს, გავლენა აქვს, როგორ ვგრძნობთ თავს.
ასე რომ შემდეგში, როცა ვინმე დაიჩივლებს, როგორი გრძელია თვე, ნუ ეტყვით, რომ თვეში 31 დღეა, უბრალოდ ჰკითხეთ, როგორ გრძნობს თავს.
სტატია გამოცემა New Statesman-ში 2018 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიის ავტორია ჯეისონ მურუგესუ.