დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ახლა უკვე, სუს-ის ყოფილი უფროსი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი. გამოდის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქვეყანა იხრჩობოდა კორუფციაში – სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მათი, ვინც ამ ადამიანებს აქებდა და ადიდებდა?- ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
სამუშიას თქმით, ახლა „ქართულ ოცნებას“ კორუფციასთან ბრძოლის მოტივით ერთი კლანის და მისი წარმომადგენლების განეიტრალება დასჭირდა, რომ აღზევდეს მეორე კლანი“.
„იმ ყველაფრის გასაღებას და შემოსაღებას ცდილობენ თითქოს, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა. ეს არც ერთ შემთხვევაში, არ არის კორუფციასთან ბრძოლა. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, „კლანებს“ შორის ურთიერთდაპირისპირება. რუსული რეჟიმი გვეუბნება და თვითონვე აღიარებენ, რომ წლების განმავლობაში, საქართველო მათ კორუფციაში ჰყავდათ ჩაფლული. დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ახლა უკვე, სუს-ის ყოფილი უფროსი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი. გამოდის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაზეც ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველო“ არაერთხელ ვსაუბრობდით, ქვეყანა იხრჩობოდა კორუფციაში. მაგრამ დღეს კორუფციასთან ბრძოლის მოტივით ერთი „კლანის“ და მისი წარმომადგენლების განეიტრალება დასჭირდათ, რომ აღზევდეს მეორე „კლანი“. აქ სხვა მომენტი არაფერია. ასევე, უნდა ვთქვათ, სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მათი, ვინც ამ ადამიანებს აქებდა და ადიდებდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით სავარაუდო კორუფციაზე, ჩვენ „პროვოკატორებს“, „სიცრუის გამავრცელებლებს“ და ა.შ გვიწოდებდნენ. დღეს თვითონ აღიარებენ, რომ სიმართლე ყოფილა. სად არის მათი მხრიდან ბოდიში? მაგრამ არა, მათ ეს არ აინტერესებთ. მათთვის ამ შემთხვევაში, მთავარი მსახურებაა, რომ თავიანთ ადგილებზე თბილად იყვნენ“,- განაცხადა სამუშიამ.
ცნობისთვის, გუშინ, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს.
გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დაკავებული რომეო მიქაუტაძე.პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო.მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა.
მესამე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილი „ქოლ-ცენტრების“ მცირე ნაწილს მფარველობდა, რასაც ის მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა პირთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ. მეოთხე ეპიზოდის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




